რუსეთში, ომის საწინააღმდეგო აქციებზე დღეს 4 ათასამდე ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

BBC რუსეთის მთავრობასა და არასამთავრობოებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დღეს დაახლოებით 4 ათასი ადამიანი დააკავეს რუსეთში, ომის საწინააღმდეგო მიტინგებზე.

რუსეთის შს მინისტრის განცხადებით, მხოლოდ მოსკოვში 1 700 ადამიანი დააკავეს.

უფლება დამცველი ორგანიზაცია OVD-Info-ს ცნობით, დაკავებები 53 ქალაქში მიმდინარეობდა. ბოლო 11 დღეში კი 11 ათასზე მეტი ადამიანია დაკავებული.

„დღეს შედარებით მასშტაბური პროტესტი ვნახეთ – ციმბირის ქალაქებშიც კი, სადაც ამ მასშტაბის დაკავებები იშვიათად გვინახავს“, – ამბობს ორგანიზაციის წარმომადგენელი.

მიმდინარე კვირაში რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც დაპატიმრებულია, საზოგადოებას მოუწოდა, რომ ყოველდღიურად მოაწყონ დემონსტრაციები უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ. მისი თქმით, რუსეთი არ უნდა იქცეს „დამფრთხალი ლაჩრების ერად“.

თუმცა რუსეთში ბოლო პერიოდში მიღებული კანონები ქუჩაში პროტესტის გამოხატვას ართულებს, ასევე ხელს უშლის დამოუკიდებელი მედიის მუშაობას.