რუსეთში „ინტერნეტით ტერორიზმისკენ მოწოდების" მუხლით კაცს 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

პუბლიკა

რუსეთის ქალაქ სამარაში სასამართლომ 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მუსიკოსს, საქსოფონისტ ანდრეი შაბანოვს „ინტერნეტით ტერორიზმისკენ მოწოდების” მუხლის საფუძველზე.

ანდრეი შაბანოვი 2024 წლის აპრილში დააპატიმრეს და ბრალი Facebook-პოსტის გამო წარუდგინეს – მუსიკოსი გმობდა რუსეთის სამხედრო შეჭრას უკრაინაში და რუსი გამომძიებლების მტკიცებით, „მოუწოდებდა უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და მათ მხარეს მებრძოლი შეიარაღებული ფორმირებების – რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის მხარდაჭერისკენ”.

ანდრეი შაბანოვს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს: აწუხებს აუტოიმუნური დაავადებები, მათ შორის ფსორიაზი. მუსიკოსის დაკავების მომენტიდან, მისი ადვოკატები დაჟინებით მოითხოვდნენ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და მის გათავისუფლებას, ვინაიდამ ამტკიდებდნენ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მუსიკოსის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოვლა შეუძლებელია.

გარდა ამისა, მუსიკოსს ელოდება დედა, რომელსაც მის გარდა არავინ ჰყავს.

თუმცა, რუსულმა სასამართლომ მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა.

2024 წლის აგვისტოში სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხს განიხილავდნენ, მუსიკოსმა ტანსაცმელი გაიხადა და სასამაართლოს თავისი კანის მდგომარეობა აჩვენა: მისი სხეული დაფარული იყო ფსორიაზული ქერქებით. მან ასევე არაერთხელ ილაპარაკა სახსრების ტკივილზე. ერთ-ერთ პროცესზე ის კოჭლობით გამოცხადდა.

ჯანმრთელობის გაუარესების გამო მუსიკოსს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, თუმცა კომისიამ მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი ვერ აღმოაჩინა. დაცვის მხარემ სამედიცინო შემოწმების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა.

ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე შაბანოვმა თქვა: “მკლავენ, ცოცხლად მკლავენ! ვფუჭდები, ვფუჭდები ყველგან – ფეხები, მკლავები, თავი. თქვენ კი ამბობთ, რომ ასე არაა. არ გრცხვენიათ? ოდესმე ასეთი რამით დატანჯულხართ? ეს იცით, როგორია, როცა სისხლი და ჩირქი გდის? რაღაც სინდისი ხომ უნდა გაგაჩნდეთ. სულ ცოტა მაინც. მე 7 თვე ვერ გავძლებ”.

რუსმა სამართალდამცველებმა მაინც ვერ ნახეს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და მისი გათავისუფლების საფუძველი.

გამოცემა „7×7“-ის ცნობით, ანდრეი შაბანოვს წინასწარი დაკავების იზოლატორში თვეების განმავლობაში არ აძლევდნენ მედიკამენტებს. ამიტომ 2024 წლის ზაფხულში მისი მდგომარეობა გაუარესდა. 2024 წლის სექტემბერში მუსიკოსი გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, სადაც მან მკურნალობა დაიწყო.