რუსი სპეცაგენტების სია შესათანხმებლად თბილისიდან მოსკოვში გადაგზავნეს - გოგაშვილი სკრიპალების საქმეზე

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს და იხსენებს „სკრიპალების საქმეს“, როდესაც საქართველომ გადაწყვიტა, მსოფლიოს თანამეგობრობას შეერთებოდა სოლიდარობის აქციაში და რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გაეძევებინა.

მისი თქმით, სპეცაგენტების 10-კაციანი სია გომელაურს გადასცა, საგარეო საქმეთა სამინისტროში გადასაგზავნად, თუმცა სია შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში გადიგზავნეს,იქიდან კი  „გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო“.

„груსული ოცნება ნაწილი პირველი – სკრიპალების საქმე.

ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა, ის არის რუსული პარტია. რა თქმა უნდა ე.წ. დეპუტატებს ყველას ამას არც ეტყვიან. ამიტომაც მზად არიან „დაიგინონ“, ამიტომ იმათთვის, ვინც ჯერ ისევ მზად არის „დაიგინოს’’. ვურჩევ გაეცნონ ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას. ალბათ ყველას გახსოვთ დიდ ბრიტანეთში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ სკრიპალების “ნოვიჩოკით“ მოწამვლის ამბავი. მაშინ მთელი მსოფლიოს ცივილიზებულმა თანამეგობრობამ გადაწყვიტა მკაცრი პასუხი გაეცათ რუსეთისთვის. სოლიდარობის ნიშნად მათ რუსეთის საელჩოებში დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტები გააძევეს ქვეყნიდან. მოლაპარაკებების შედეგად საქართველომაც გადაწყვიტა ე.წ. სოლოდარობის აქციაში ჩართვა. პირადად მე დამევალა სია იმ სპეცაგენტების, რომლებიც მუშაობდნენ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის სექციაში. გავაკეთეთ 10 კაციანი სია, („ფსბ“, „გრუ“ და „ევრ“) დიპლომატიურ საფარქვეშ მომუშავე სპეცაგენტების, რომელიც გადავეცი გომელაურს, რათა გადაეგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროში. თუმცა სია გადაიგზავნა შესათანხმებლად ჯერ მოსკოვში. იქიდან გადმოგვცეს მხოლოდ ერთი ქალბატონის მონაცემები, რომელიც ამ სიაში საერთოდ არ იყო. ის მუშაობდა საელჩოში, მაგრამ არ იყო კავშირში სპეცსამსახურებთან და არ ჰქონდა დიპლომატის სტატუსი, იყო რიგითი თანამშრომელი. ჩვენი გადაგზავნილი სია გაგვიუქმეს, ჩვენმა რუსმა „ქოცებმა“, „შეგვაქეს“ კარგი მუშაობისთვის და გვითხრეს, რომ გაგვეძევებინა ეს ქალბატონი. თავის მხრივ რუსეთმა გამოგვიძევა ნამდვილი დიპლომატი. თქვენი უცხოელი პარტნიორები მიხვდნენ ამ სამარცხვინო ნაბიჯის მიზეზს, მაგრამ ხმამაღლა რეაგირება ბუნებრივია ამაზე არ მომხდარა. ეს გახლავთ ჩვენი სპეცსამსახურების ოკუპანტ რუსებთან კოლაბორაციის ერთ-ერთი მაგალითი. გაგრძელება იქნება…“, – აცხადებს გოგაშვილი.

„პუბლიკა“ ამ საკითხზე პოზიციის გასაგებად შსს-სა და საგარეო უწყებასთან დაკავშირებას ცდილობს.


2018 წლის 29 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი, მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი და მოითხოვა მის მიერ საქართველოს დატოვება 7 დღის ვადაში. ამ ნაბიჯის საპასუხოდ რუსეთმა იმავე წლის 30 მარტს იმ 23 ქვეყნის დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება მიიღო, რომლებმაც თავიანთი ქვეყნებიდან რუსი დიპლომატები გააძევეს.

2018 წლის 4 მარტს ბრიტანეთში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში მოწამლეს. სერგეი და იულია სკრიპალები კომატოზური მდგომარეობიდან ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ გამოვიდნენ.

14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის სახელმწიფოს. მოგვიანებით, ბრიტანელმა სამართალდამცველებმა რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში ეჭვმიტანილი პირების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელეს.

ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ მოწამვლაში რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლები დაადანაშაულა.

აშშ, საფრანგეთი, გერმანია და კანადა სკრიპალების მოწამვლის გამოძიების საქმეში ბრიტანეთის დასკვნას დაეთანხმა.

„ჩვენ, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ს, კანადისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ ჩვენს აღშფოთებას 4 მარტს სოლსბერიში „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი ნერვული ქიმიური აგენტის გამოყენების გამო“, – ნათქვამი იყო ტერეზა მეის, ემანუელ მაკრონის, ანგელა მერკელის, ჯასტინ ტრიუდოსა და დონალდ ტრამპის ერთობლივ განცხადებაში.