რუსმა სამხედროებმა ზმეინის კუნძული დატოვეს

პუბლიკა

რუსული პროკრემლისტური საინფორმაციო სააგენტო TASS რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ზმეინის კუნძულს ტოვებს.

რუსული მხარის განცხადებით, მათ ეს ნაბიჯი „კეთილი ნების ნიშნად“ გადადგეს, „რათა კიევს არ მიეცეს სპეკულაციების საშუალება მარცვლეულის გატანის შესაძლებლობის არქონასთან დაკავშირებით“.

თუმცა, ბოლო პერიოდში უკრაინელებმა კუნძულზე სარაკეტო იერიში რამდენჯერმე მიიტანეს და გაანადგურეს ზმეინიზე არსებული რუსული სამხედრო ტექნიკა. მათ შორის, უკრაინამ რუსული პოზიციები კუნძულზე ბოლოს წუხელ დაბომბა, რასაც უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, რუსებს შორის დიდი დანაკარგი მოჰყვა. მათ შორის, განადგურდა „პანცირის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსებმა კუნძული სწორედ მათი ბოლო იერიშის შემდეგ ნაჩქარევად დატოვეს.

რუსეთის ხელისუფლებამ იგივე ტერმინი, პოზიციების „კეთილი ნების ნიშნად დატოვება“ გამოიყენა ომის პირველი ეტაპის წარუმატებლად დასრულების შემდეგაც, როცა რუსულმა არმიამ კიევის, ჩერნიჰივის, სუმისა და ნაწილობრივ ხარკივის რეგიონებიდან უკან დაიხია.

ზმეინის კუნძულზე უკრაინელების სამხედრო პოზიცია ერთ-ერთი პირველი იყო, რომელზეც რუსებმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ იერიში მიიტანეს. კუნძულზე მყოფ სამხედროებს რუსული ფლოტი მიუახლოვდა და დანებება მოსთხოვა, რაზეც უკრაინელებმა ცნობილი ფრაზით უპასუხეს – „რუსკი ვაენი კარაბლ იდი ნა**ი“.

LB loan image desktop LB loan image mobile