რუსულ არმიას სამხრეთის მიმართულებით მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს - უკრაინის შეიარაღებული ძალები

პუბლიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, კონტრშეტევის წამოწყების შემდეგ რუსეთის არმიას ხერსონის მიმართულებით მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს.

„მტერი საკმაოდ მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის – ადამიანური ძალების დანაკარგი ათეულებიდან ასეულებამდე გაიზარდა. ნადგურდება ტექნიკაც…  აქედან გამომდინარე, ჩვენ დამაჯერებელ წარმატებებს ვაღწევთ. ვფიქრობ, ძალიან მალე მეტი პოზიტიური ამბის გასაჯაროებას შევძლებთ“, – ამბობს ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ პრესსპიკერი ნატალია ჰუმენიუკი.

ამასთან ერთად, ჰუმენიუკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ მტრის ლოგისტიკისა და შესაძლებლობების განადგურებას.

„ფეთქდება საბრძოლო მასალების საწყობები და პონტონური გადასასვლელები. ეს ნიშნავს, რომ მტრის ლოგისტიკური შესაძლებლობები, სატრანსპორტო კავშირები იმდენადაა დაზიანებული, რომ მათ რეზერვის მობილიზების უნარიც აღარ აქვთ“, – დასძენს ნატალია ჰუმენიუკი.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ აცხადებს, რომ რუსული არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულია უკრაინული ავიაციაც, რომელმაც 18 იერიში მიიტანა რუსეთის სამეთაურო პოსტებზე, საწვავის, საბრძოლო და საპოხი მასალების საწყობებსა და ლოგისტიკურ კვანძებზე.

მუდმივ სამიზნეებადაა ქცეული მდინარე დნეპრზე ანტონივსკის, კახოვკისა და დარიივსკის ხიდები, რითაც უკრაინელები დნეპრის დასავლეთ სანაპიროზე რუსული არმიის შესაძლებლობების გაზრდას ზღუდავენ.