რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო — რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პუბლიკა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.

პარალელურად საკანონმდებლო ორგანოში რუსულ კანონს II მოსმენით განიხილავენ.

რუსული კანონის წინააღდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია არაერთხელ გაიმართა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი მეორედ დააინიციირა. მათ შორის, 28 აპრილსაც. ადგილზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

29 აპრილს რუსთაველის გამზირი მმართველმა პარტიამ დაიკავა. მათ ანტირუსული კანონის მოწინააღმდეგეებს კონტრაქცია მოუწყვეს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დედაქალაქში ათასობით ადამიანი ჩამოიყვანეს, მათ შორის, საჯარო მოხელეები. შეკრებილებს „ქართული ოცნების” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ის ანტიდასავლური სიტყვით გამოვიდა.

მისი ანტიდასავლური რიტორიკა ენმ-ის ხელისუფლებას, ასევე, „გლობალური ომის პარტიას” ეხებოდა, რომლებიც „ენჯეოების” ხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ, არადემოკრატიული წესით, გარედან დაინიშნნენ”. ივანიშვილმა წინა ხელისუფლების წევრების დასჯის პირობა დადო.

მისივე მტკიცებით, „სწორედ სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. ამ ყოველივესთან ერთად, ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ საქართველო 2030 წელს ევროკავშირში გაერთიანდება.

რუსული კანონი I მოსმენით პარლამენტმა 17 აპრილს მიიღო. ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიების უცხოური ინტერესების სუბიექტებად დარეგისტრირებას ითვალისწინებს. მმართველმა გუნდმა ეს მაინც გააკეთა, მიუხედავად მოქალაქეების პროტესტის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების და დასავლური ქვეყნების ლიდერების კრიტიკის პარალელურად.

ანალოგიური რეპრესიული კანონი არსებობს რუსეთშიც. სწორედ მის საფუძველზე დევნიან იქ თავისუფალი აზრის მქონე ორგანიზაციებს და ადამიანებს.

მიუხედავად მოქალაქეების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგობისა, „ქართული ოცნება” ამბობს, რომ „მის მიღებას წინ ვერაფერი დაუდგება”.