რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი კუჭუაშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
კუჭუაშვილი მაისში დააკავეს. მას ბრალად პოლიციელზე თავდასხმას ედებოდა. კერძოდ, ბრალდების მხარის პოზიციით, მან აქციის მიმდინარეობისას პოლიციელს ნახევრად სავსე პლასტმასის ბოთლი თვალში მოარტყა.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, სპეცრაზმელისთვის მიყენებული დაზიანება მსუბუქი ხარიხის იყო და მას ჯანმრთელობის მოშლა არ გამოუწვევია.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, დავით კოლდარს მას 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კოლდარს ბრალად წარდგენილი ჰქონდა 187-მუხლის პირველი ნაწილი – რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. მას პოლიციის მანქანის დაზიანებას ედავებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კოლდარს არ შეეხო 2024 წელს მიღებული ამნისტია. როგორც მისი ადვოკატი განმარტავს, დაზარალებულმა, რომელსაც ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდა, უარი განაცხადა კოლდარზე ამნისტიის გავრცელებაზე.
ადვოკატის ცნობით, მსჯავრდებულმა 2030 ლარის ოდენობით ზიანიც აანაზღაურა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაინც უარი განაცხადა მისთვის ამნისტიის გავრცელებაზე.