რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული სუბიექტები და მათი საქმიანობა - რას ამბობს სტატისტიკა

პუბლიკა

პარტია „ლელომ“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული ბიუროდან გამოითხოვა ინფორმაცია საქართველოში 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე რუსული კაპიტალის მონაწილეობით რეგისტრირებული სუბიექტების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმებისა და ასევე, ეკონომიკური საქმიანობის სახეების შესახებ.

ამის შესახებ პარტიის ოფისში „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ ისაუბრა. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ პერიოდში საქართველოში რუსული კაპიტალის მონაწილეობით სულ 25 333 სუბიექტი დარეგისტრირდა, მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმე იყო –  23 736 სუბიექტი.

რაც შეეხება ეკონომიკურ საქმიანობას, საქსტატის მიერ პარტიისთვის მიწოდებული ინფორმაციით, 22 532 სუბიექტის შემთხვევაში საქმიანობა უცნობია.

„საქართველოს სახელმწიფო უნდა ეწეოდეს იმ სუბიექტებისა აღრიცხვასა და კონტროლს, რომლებიც მტრული, ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ არის რეგისტრირებული და ისინი ეწევიან ეკონომიკურ თუ სხვა ტიპის საქმიანობას საქართველოში. ამ სტატისტიკით ირკვევა, რომ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის, რას საქმიანობენ ისინი, უმეტესად კი მათი საქმიანობა უცნობია”, – თქვა ირაკლი კუპრაძემ.