საჭიროების მიხედვით ვიკონტაქტებთ ყველასთან - გამყრელიძე მედიასთან ურთიერთობაზე

პუბლიკა

„საჭიროების მიხედვით ვიკონტაქტებთ ყველასთან. ჩამოყალიბდება ფორმა. სამუშაო ძალიან ბევრია. მედია მიიღებს ყველა საჭირო ინფორმაციას”, – ასე უპასუხა ამირან გამყრელიძემ „პუბლიკის” შეკითხვას მედიასთან ურთიერთობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

კერძოდ, ჩვენ ვკითხეთ, მიიღო თუ არა ცენტრმა მედიასთან ურთიერთობის შეზღუდვაზე რაიმე გადაწყვეტილება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ცენტრის დირექტორი და მოადგილე სატელევიზიო ეთერებში აღარ მივლენ და აღარ ექნებათ კომუნიკაცია სხვა პლატფორმის მედიაგამოცემებთანაც.  ამირან გამყრელიძემ პასუხი ტექსტური ფორმით მოგვწერა.

დღეს „ნეტგაზეთს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ამიერიდან ცენტრში მედიასთან კომენტარს აღარ გააკეთებენ.  თუ რაიმე სიახლე იქნება, თავიანთ ვებგვერდზე (NCDC.GE) გამოქვეყნდება.

იმავე საკითხზე განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა „პუბლიკას” ცენტრმა.  ცენტრში განგვიცხადეს, რომ მედიასთან ურთიერთობის შეზღუდვაზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ცენტრის დირექტორი და მოადგილე დღეს ვერ მიიღებენ ეთერებში მონაწილეობას. „ხვალ რა იქნება, ამას ვერ გეტყვით. დღეს ძალიან დაკავებული არიან”, – განუცხადა „პუბლიკას” ცენტრის პიარმა.