საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება, დასვას გამოძიების დაწყების საკითხი - რეგლამენტის პროექტი

პუბლიკა

„ოცნებამ“ დაარეგისტრირა პარლამენტის რეგლამენტის პროექტი, რომლითაც საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობაში ცვლილებები შედის.

შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, თუკი იარსებებს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, დროებით საგამოძიებო კომისიას საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე შეეძლება, შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი.

„დროებითი საგამოძიებო კომისია, თუკი არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ჩადენილია დანაშაულებრივი ქმედება, თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი, რისთვისაც მას მიაწოდებს საქმის სათანადო მასალებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რეკომენდაცია მიიღება მხოლოდ საკითხის განხილვის შემაჯამებელ ეტაპზე, ხოლო გადაწყვეტილება –  როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისია თავისი საქმიანობის ნებისმიერ ეტაპზე უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოს წინაშე დასვას გამოძიების დაწყების საკითხი“, – აღნიშნულია რეგლამენტის 70-ე მუხლის ახალ რედაქციაში.

შემოთავაზებული ცვლილებით, საგამოძიებო კომისიას შეუძლია, მის ერთ-ერთ წევრს დაავალოს ისეთი პირისთვის ახსნაგანმარტების ჩამორთმევა, რომელმაც თავად გამოთქვა სურვილი დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის მიეწოდებინა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

ასევე, დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის გამართვა შესაძლებელი იქნება პლენარული სხდომების დღეებშიც.

რეგლამენტის ამავე პროექტით, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება უფლებამოსილება ბრძანებით დაადგინოს პარლამენტის აპარატის საპენსიო ასაკს მიღწეული თანამშრომლისათვის ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის წესი, თანამშრომლის პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში.

პროექტს „ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს და მომდევნო კვირაში მიიღებს.

განახლება: პროექტი პირველი მოსმენით 18 მარტს მიიღეს


რეგლამენტში ცვლილებების აუცილებლობაზე ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე ისაუბრეს.

13 თებერვალს გამართულ საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა თქვა, რომ რეგლამენტი თანამედროვეობას უნდა მოერგოს და შეიცვალოს სამუშაო გრაფიკის საკითხი, საგამოძიებო კომისიის წევრების უფლებამოსილება და ა.შ.

ასევე, კომისის წევრების გადაწყვეტილებით, ისეთ ადამიანებს, რომლებიც ენმ-ის ხელისუფლების მიზეზით დაზარალდნენ და ამის მტკიცებულებები აქვთ, კომისიისთვის მიმართვა შეეძლებათ. კომისიის წევრებმა თქვეს, რომ მათთან მუშაობის სურვილი არაერთმა ადამიანმა გამოთქვა.