საგანგებო მდგომარეობის დარღვევის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და, ე.წ. კომენდანტის საათის  დარღვევის 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„პოლიციამ, 9 აპრილის 21 საათიდან 10 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 75 მოქალაქე დააჯარიმა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 42 მოქალაქე დააჯარიმეს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,  ხოლო  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევაზე  21 პირი დაჯარიმდა.

საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი და დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.