საგარეო უწყება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დასანქცირების გამო „წუხილს გამოხატავს“

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის მიერ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება და „წუხილს გამოხატავს“.

სამინისტრო აღნიშნავს, რომ „საქართველო სრულად ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სასანქციო რეჟიმს, ამ რეჟიმის კონტექსტს და იღებს ყველა ზომას, რათა საქართველოს ტერიტორია არ იქნეს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის“.

„ევროკავშირთან ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფუძნება გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპებს.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შესაბამისი უწყებები მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის ინსტიტუტებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციისა და განმარტების დროულად მიწოდებას.

საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიან მუშაობას ადასტურებს ის გარემოებაც, რომ დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის მომზადების პროცესში, ქართულმა მხარემ ევროკომისიას წარუდგინა ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანას არავითარი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი არა აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ევროკომისიის შესაბამისი სამსახურები და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გადაწყვეტილებით განსაზღვრული ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში იხელმძღვანელებენ სამართლიანობის პრინციპით და გადახედავენ გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის განცხადებით, ტრანზაქციების აკრძალვა საქართველოს ქალაქ ყულევში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ საწარმოსთან, რომელიც რუსულ ნავთობს ამუშავებს და ყიდის, ძალაში 6 თვეში შევა.

რამდენიმე თვის წინ ევროკავშირი ყულევის პორტის სანქცირებას გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში. თუმცა, მაშინ ყულევის პორტი სანქციების სიიდან ამოიღეს.

ყულევის პორტი და ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ორი სხვადასხვა სუბიექტია.

„რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, ეს კონკრეტული ზომა – ექვსთვიანი ვადის დაწესება ევროკავშირმა თავის პრაქტიკაში პირველად მიიღო.

კერძოდ, გამოცემის ინფორმირებული წყაროს განმარტებით, ამის საფუძველი გახდა თბილისის მზაობა, რომ მოთხოვნებს (შე)ასრულებდნენ, რაც პორტის სანქცირების განხილვისას გამოჩნდა.

ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირის პერსპექტივიდან, თუკი ექვსი თვის განმავლობაში ქარხნის გარშემო არაფერი შეიცვლება, ანუ რუსული ნავთობის გადამუშავებას განაგრძობს, სანქციები ამოქმედდება; ასევე, ქარხანაზე მომდევნო პაკეტითაც გავრცელდება ტრანზაქციების შეზღუდვები.

ყულევის ნავთობტერმინალი არის ლოგისტიკური ჰაბი, რომლის მთავარი დანიშნულება ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიღება, რეზერვუარებში შენახვა და ტანკერებში გადატვირთვაა. ის აზერბაიჯანულ კომპანია SOCAR-ს ეკუთვნის, 2008 წლიდან ფუნქციონირებს და იქ ნედლი ნავთობის ქიმიური გადამუშავება ან საწვავად გარდაქმნა არ ხდება.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი სამრეწველო საწარმოა. ის შპს „ბლექ სი პეტროლიუმის“ პროექტია, ტერმინალის მახლობლად მდებარეობს და მასთან ინფრასტრუქტურულად არის დაკავშირებული ნედლეულის მისაღებად და პროდუქციის ექსპორტზე გასატანად.