„საქართვეველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” „ოცნების” მიერ „ფორმულასა” და „ტვ პირველის” წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივარს ეხმაურება.
„ქართული ოცნება” მაუწყებლობის შესახებ კანონის დარღვევის გამო კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უჩივის „ფორმულას” და „ტვ პირველს“. საჩივრის საფუძველია კანონის 54-ე, 59 პრიმა და 76-ე მუხლები.
შინაარსობრივად საჩივარი შეეხება არხის მიერ ისეთი ტერმინების გამოყენებას, როგორიცაა „არალეგიტიმური პარლამენტი”, „ე.წ პარლამენტის თავმჯდომარე”, „ოლიგარქის დეპუტატი”, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო”, „ქართული ოცნების რეჟიმი”, „რეჟიმის პატიმარი”, ასევე ბიძინა ივანიშვილის „ოლიგარქად” მოხსენიებას.
საია აცხადებს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა” თავისი შინაარსით არის ცენზურის დაწესების, მაუწყებლობის შინაარსის კონტროლის და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მექანიზმი მისი ბუნდოვანი შინაარსის გათვალისწინებით, რაც, უნგრეთში მსგავსი მოწესრიგების გამო გაკრიტიკებული აქვს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიას.
„შესაბამისად, ეს მუხლი ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცულ გამოხატვის და მედიის თავისუფლებას. ასევე, მისი პრაქტიკაში შინაარსობრივი კონტროლის მიზნით გამოყენება ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასაც”. – წერს საია.
ორგანიზაცია ასევე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას იცავს და მედიის თავისუფლებაზეც ვრცელდება.
„მუხლი იცავს არა მხოლოდ ისეთი ინფორმაციის გავრცელებას, რომელიც ზოგადად დადებითად მიიღება საზოგადოების მიერ, არამედ იცავს ისეთ ინფორმაციასაც, რომელიც შეიძლება უსიამოვნო, შოკის მომგვრელი ან მიუღებელი იყოს კონკრეტული პირების ან პირთა ჯგუფისათვის.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ასევე ხაზს უსვამს, რომ დაცულია მედიის სარედაქციო თავისუფლება და გარანტირებულია მედიის მხრიდან გადაწყვიტონ მათი რეპორტაჟის ფორმა.
არ შეიძლება, მედიას შეეზღუდოს საზოგადოებრივი ინტერესის საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე გაშუქება და დაუწესდეს შინაარსის კონტროლი. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ფართო დისკრეციას უტოვებს მედია საშუალებებს სარედაქციო პოლიტიკის გატარებაში და იცავს, მათ შორის, პოლიტიკური აზრისა და იდეოლოგიის შესახებ შედარებით მკვეთრი ტერმინებით გაკეთებულ კომენტარებს და სადავო შინაარსის შემცველი ინფორმაციის გავრცელებას, მანამ სანამ მათ წვლილი შეაქვთ საჯარო პოლიტიკურ დისკურსში“. – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.
საია ასევე საუბრობს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლზე, რომელიც იცავს პრესის თავისუფლებას და მოიცავს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გატარების უფლებას.
საიას განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკითაც სახელმწიფოს ეკრძალება ცენზურის დაწესება და ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება, რომლებიც დისპროპორციულად ერევა მაუწყებლობის სარედაქციო პოლიტიკაში.
„მედიის თავისუფლება მოიცავს აზრების გავრცელებას სახელმწიფო ცენზურის გარეშე და ის განუყოფელია დემოკრატიისაგან, ვინაიდან „უნდა ემსახუროს ხალხს და არა მმართველებს” (The press was to serve the governed, not the governors). კანონის 54-ე მუხლი არის ფართო და ბუნდოვანი და საშუალებას აძლევს სახელმწიფოს, ერთის მხრივ დისპროპორციულად ჩაერიოს მაუწყებლობის შინაარში და ასევე მსუსხავი ეფექტის გამოყენებით ირიბად დაუწესოს ცენზურა მაუწყებლობებს.
საჩივარი არის იმ ზოგადი პოლიტიკის ნაწილი, რომლის დროსაც აქტიურად ხდება ჟურნალისტებზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმების (განსაკუთრებით პროტესტების დროს), მადისკრედიტებელი კამპანიების წახალისება მედიისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ
ჟურნალისტები და სხვა მედია აქტორები მხოლოდ მაშინ შეძლებენ ეფექტიანად შეასრულონ საკუთარი როლი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობაში, სადაც საზოგადოება პლურალისტული, ხოლო ინდივიდი – ღირსებადაცულია, როდესაც ექნებათ რწმენა იმისა, რომ შეეძლებათ იმუშაონ სახელმწიფო ჩარევისა და ძალმომრეობის გარეშე, მნიშვნელობა არ აქვს გამოხატული იქნება ეს ინფორმაციული მასალის ცენზურაში, დაუსაბუთებელ დაკავებასა თუ დევნაში, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებაში საზოგადოებრივი ჩართულობის წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, ცენზურის აკრძალვა გულისხმობს, არა მხოლოდ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების საქმიანობის შედეგთან სახელმწიფოს მხრიდან რაიმე ფორმის ჩარევის აკრძალვას, არამედ ამგვარი საქმიანობისთვის ხელის შეშლისგან თავის შეკავებასაც“. – აცხადებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.