„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება მედიებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას კომპანია Cellebrite-სთან და მისგან 6,796,092 ლარის ღირებულების მოწყობილობებისა და პროგრამულ უზრუნველყოფას ყიდულობს, რომლებიც ციფრული აპარატურის გახსნისა და მასში დაცული ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა.
ორგანიზაციის შეფასებით, არსებობს რეალური რისკი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნული ტექნოლოგიები პოლიტიკური რეპრესიებისთვის გამოიყენოს.
„2024 წლის ნოემბერ-დეკემბერსა და 2025 წლის თებერვალში უკანონო დაკავების პრაქტიკას თან ახლდა წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმები. როგორც წესი ნაწამები დემონსტრანტების გადაცემა ხდებოდა საპატრულო ან კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ისინი გადაჰყავდათ პოლიციის განყოფილებებში, სადაც იწერებოდა დაკავების ოქმები, რომელშიც მიეთითებოდა ცრუ ინფორმაცია დაკავების გარემოებების და დამკავებელთა ვინაობის შესახებ“, – წერია განცხადებაში.
საია წერს, რომ პირთა უსაფუძვლო დაკავება ხდებოდა არა მხოლოდ აქციებზე, არამედ სხვა ლოკაციებზეც, მაგალითად მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს. ასევე, ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციას ადამიანები კანონის დარღვევით გადაჰყავდათ განყოფილებებში, გამოკითხვაზე, ისე, რომ უგულებელყოფილი იყო საპროცესო უფლებები და გარანტიები და გადაყვანილ პირთა ოჯახის წევრებს და იურისტებს საათობით არ ჰქონდათ ინფორმაცია მათი ადგილსამყოფლის შესახებ.
„საქართველოს უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებისკენ ჯერ კიდევ 4 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარმა მოუწოდა. პროტესტის მონაწილეთა თვითნებურ დაკავებების პრაქტიკაზე ყურადღება გაამახვილეს გაეროს სპეციალურმა მომხსენებლებმაც თავიანთ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ დაკავების პარალელურად, ხშირი იყო ტელეფონების და სხვა პირადი ნივთების უკანონო ჩამორთმევის და წართმევის პრაქტიკა. საპოლიციო ძალების მხრიდან არასათანადო მოპყრობას დაქვემდებარებულ პირთა ნაწილი ასევე იხსენებს, რომ მათ ტელეფონის კოდის მოხსნას აიძულებდნენ.
ამ ყოველივეს ფონზე განსაკუთრებით საყურადღებოა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ შსს ცდილობს კომპანია Cellebrite-სგან არსებული ლიცენზიების განახლებას და ახალი მოწყობილობების შეძენას, რაც შსს-ს მობილური ტელეფონებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს“, – წერია განცხადებაში.
საია ამბობს, რომ საქართველოში ადამიანები პერსონალური მონაცემების დაცვის და ფარული მიყურადების კუთხით ისედაც არ არიან დაცული – „ამას მოწმობს 2021 წელს სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან პირადი ცხოვრების დეტალების ამსახველი ათიათასობით ფაილის, ე.წ. კრებსების გაჟონვა, რაზეც ეფექტიანი გამოძიება დღემდე არ ჩატარებულა“.
„ამასთან, მიმდინარე პროტესტის წინააღმდეგ სახელმწიფო აქტიურად იყენებს ისეთ პრაქტიკას, რომელიც პერსონალური მონაცემების უკანანო მოპოვებასთან და დამუშავებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილ-მაისის პროტესტების პერიოდში, რუსული კანონის მოწინააღმდეგეებს, მათი ოჯახების წევრებს და ჟურნალისტებს აქტიურად ურეკავდნენ უცხო ნომრებიდან, აგინებდნენ აქციაზე მონაწილეობის გამო და ემუქრებოდნენ ფიზიკური ანგარიშსწორებით, რაზეც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ეფექტიანი რეაგირება არ ჰქონია“, – წერია განცხადებაში.