საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელისთვის 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას გამოძიებისთვის ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მიერ მიცემული განმარტებებიც არ ადასტურებს. როგორც ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, დგებუაძე ჰყვება, რომ დარტყმის შედეგად მას ჰქონდა „სიწითლე და განიცადა ტკივილი“ – ქურდოვანიძის განცხადებით, მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ტკივილი თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება.
„თავად ის მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელს ედავება პროკურატურა, არ არის ის მუხლი, რომლითაც ის ქმედება შეიძლება დაისაჯოს, რისთვისაც ახლა მას სჯიან. ეს მუხლი, 353-ე პრიმა მუხლი თავის თავში აერთიანებს რამდენიმე ისეთ ელემენტს, რომელიც სახეზე უნდა იყოს ერთობლივად, ეს არის:
- თავდასხმა, როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი და აგრესიული აქტი;
- თავდასხმის განხორციელება უნდა იყოს პირდაპირი განზრახვით;
- თავდასხმის მიზანი დაკავშირებული უნდა იყოს პოლიციის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებასთან.
ამ საქმეში გაშლილი ხელი, რომელიც ირაკლი დგებუაძეს სახეზე ხვდება, არცერთ ამ ელემენტს არ მოიცავს. თავად ირაკლი დგებუაძის განმარტებებიც კი, რომელიც ამ საქმეზე მან თავად მისცა გამოძიებას, არ ადასტურებს 353-ე პრიმა მუხლის კვალიფიკაციას. როგორც ის აღწერს, მზია ამაღლობელის მიერ დარტყმის შედეგად, მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე აღენიშნებოდა სიწითლე და დარტყმის დროს განიცადა ტკივილი. მხოლოდ აღქმებით დადასტურებული ფიზიკური ტკივილი, სასამართლო პრაქტიკის შესაბამისად, თავდასხმის დეფინიციაში არ ჯდება და შესაბამისად, როგორც ე.წ. დაზარალებულმა ეს ეპიზოდი აღწერა, არ იძლევა 353-ე პრიმა მუხლის შემადგენლობას და თავიდანვე ამ მუხლით ამ ქმედების კვალიფიცირება წარმოადგენდა უკანონობას და ეს არის პოლიტიკური დევნის ერთ-ერთი მახასიათებელი”, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
ამასთან, როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, მზია ამაღლობელი დაკავების შემდეგ შიმშილობს – მას არ მიუღია საკვები და იღებს მხოლოდ წყალს.
„დაკავების შემდგომ [მზია ამაღლობელს] არ მიუღია საკვები, ის იღებს მხოლოდ წყალს და ამ ფორმით აგრძელებს ამ საქმეზე ბრძოლას“, – აღნიშნა ქურდოვანიძემ.
ქურდოვანიძემ ისაუბრა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უმოქმედობაზე და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, უწყებამ მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ 12 იანვარს ეცნობა, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიების დაწყების ნაცვლად, ე.წ. ,,მოკვლევის“ პროცესი დაიწყო, რომელიც არ წარმოადგენს საპროცესო მოქმედებას.
„მოკვლევის ფარგლებში, 15 იანვარს, მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის შესახებ. სამსახურმა მხოლოდ საიას მიერ ოფიციალური განცხადების შეტანის შემდეგ, დღეს, 20 იანვარს სატელეფონო საუბრისას დაადასტურა გამოძიების დაწყება. ამ დროისათვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელისთვის არ მიუნიჭებია დაზარალებულის სტატუსი”, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება პატიმრობის გამოყენებას, საია მიუთითებს, რომ პროკურორი დაუსაბუთებლად მოითხოვდა აღკვეთის ყველაზე მკაცრი ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას. ქურდოვანიძის განცხადებით, პროკურორის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დააკმაყოფილა, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილება დაეყრდნო „ბრალდების მხარის აბსტრაქტულ და ჰიპოთეზურ პოზიციას ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების რისკის არსებობის შესახებ“.
„პროკურატურის შუამდგომლობაში არ იყო წარმოდგენილი არცერთი რეალური არგუმენტი თუ გარემოება, რომელიც აღნიშნული რისკების არსებობას დაადასტურებდა. ერთი მხრივ, პროკურორმა და მეორეს მხრივ, სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა, რომ პატიმრობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იყოს გამოყენებული და უპირატესობა ყოველთვის უნდა მიენიჭოს აღკვეთის ღონისძიების ალტერნატიულ სახეს.
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები, მზია ამაღლობელის ადვოკატებმა სასამართლოს პატიმრობის ალტერნატივად უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების – გირაოს გამოყენებაც შესთავაზეს. თუმცა, მოსამართლემ უპირობოდ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა. სასამართლომ მზია ამაღლობელის საწინააღმდეგოდ გამოიყენა ადმინისტრაციული დაკავებისა და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი, ისე, რომ ჯერ არც დაკავების კანონიერების საკითხია დადგენილი და არც სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამით, მოსამართლემ დაარღვია მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია და გამოავლინა აშკარა მიკერძოება პროკურატურის სასარგებლოდ”, – აღნიშნა მან.
ამასთან, ქურდოვანიძემ ისაუბრა, რომ საქალაქო სასამართლომ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში დაგვიანებულ ვადებში გაგზავნა – კერძოდ, ის აღნიშნავს, რომ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის შეცვლის შესახებ ადვოკატებმა საჩივარი 2025 წლის 15 იანვარს, 17:45 წუთზე წარადგინეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
„კანონმდებლობის შესაბამისად, საჩივარს განიხილავს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, თუმცა, მატერიალური სახით მისი ჩაბარება ხდება პატიმრობის გამოყენების შესახებ განჩინების გამომტან სასამართლოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლო ვალდებული იყო საჩივრის მიღებიდან დაუყოვნებლივ უზრუნველეყო მისი გაგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა, კანონმდებლობის ეს უპირობო მოთხოვნა არ შესრულდა.
სასამართლომ საჩივრის გაგზავნა შეაფერხა 4 დღით. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ საქმის მასალები დღეს, 12 საათისთვის მიიღო და ახლა იწყებს საჩივრის განხილვას”, – თქვა ქურდოვანიძემ.
თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე კი საია აცხადებს:
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ადგენს იმ საფუძვლების ჩამონათვალს, როდესაც პოლიციელი უფლებამოსილია პირი დააკავოს. საპროტესტო სტიკერის გაკვრა, რომლის მოცილება არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ ძალისხმევასთან ან რესურსებთან, არ წარმოადგენს სამართალდარღვევას.
იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ქმედება იერსახის დამახინჯებად შეფასდებოდა, შსს-ს თანამშრომელს არ აქვს ამ ქმედებისათვის პირის დაკავების უფლებამოსილება. უწყებას იმისათვის, რომ გაემართლებინა თვითნებური დაკავება, დაკავების ოქმი პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, თუმცა, ამ დრომდე არ არის შედგენილი უშუალოდ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და არც სასამართლოს დაუდასტურებია სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.
მიუხედავად ამისა, ეს გარემოება პროკურატურამ და ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამოიყენეს მზია ამაღლობელის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეში”.
მზია ამაღლობელი ბათუმში აქციაზე 11 იანვარს დაწყებულ აქციაზე, უკვე 12 იანვარს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2024 წლის 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ, მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა მზია ამაღლობელი პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომის თარიღად 4 მარტი, 11:00 საათი განისაზღვრა.
15 იანვარს მზია ამაღლობელმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციის განყოფილების ეზოსა და განყოფილების შენობაში მის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე ინფორმაცია მიაწოდა.
მისი თქმით, დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, უკვე პოლიციის განყოფილებაში კი რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს მისი შეკავება და ოთახიდან გაყვანა.
მზია ამაღლობელი აღნიშნავს, რომ ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და განაგრძობდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ. ერთ-ერთი შესვლისას კი მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. მისივე ბრძანების შესაბამისად, ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევისა და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება.