საია: შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის

პუბლიკა

„შერეული საარჩევნო სისტემა არის მთავარი დაბრკოლება ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის”, – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს ეხმაურება.

„ჩვენ მოვისმინეთ ცვლილებების საწინააღმდეგო არგუმენტები და მკაფიოდ გვინდა, განვაცხადოთ: არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, მათ საკმარისი თეორიული საფუძველი არ აქვთ, რომ გადაწონონ ის სიკეთეები, რაც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას (ბუნებრივი ბარიერი) აქვს“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს, შეასრულონ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და მხარი დაუჭირონ კონსტიტუციურ კანონპროექტს.

პარლამენტი პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კონსტიტუციურ პროექტს კენჭს ხვალ უყრის. მანამდე კი პარტია „ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა გაიმართება.