საჯარო მოხელეებს განათლების სფეროში დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის უფლება მიეცემათ - კანონპროექტი

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ მთავრობამ პარლამენტში დააინიციირა კანონპროექტი, რომლითაც საჯარო მოხელეებს განათლების სფეროში დამატებითი ანაზღაურებადი საქმიანობის უფლება მიეცემათ.

მოქმედი კანონით, საჯარო მოსამსახურეს ეზღუდება სხვაგან მუშაობა და დამატებითი ანაზღაურების მიღება ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.

ინიციირებული კანონპროექტი მათ აძლევს უფლებას, ძირითადი სამსახურის პარალელურად, ფული გამოიმუშაონ განათლების სფეროში შემდეგი მიმართულებებით:

1. სახელმძღვანელოების შექმნა: საჯარო მოსამსახურეს შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო სახელმძღვანელოების დაწერაში, რედაქტირებაში ან შედგენაში და ამაში აიღოს ჰონორარი.

2. ხარისხის კონტროლი და ექსპერტიზა (ავტორიზაცია/აკრედიტაცია): მათ უფლება ექნებათ, იყვნენ ექსპერტები იმ პროცესებში, რომლებიც ამოწმებს: ბაღების მუშაობის ხარისხს (სკოლამდელი აღზრდა); სკოლებისა და უნივერსიტეტების შესაბამისობას სტანდარტებთან (ავტორიზაცია/აკრედიტაცია).

3. პროფესიული განათლება და გადამზადება: საჯარო მოსამსახურეებს შეეძლებათ, იმუშაონ ისეთ პროგრამებზე, რომლებიც ეხება პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას; ეხება არაფორმალური განათლების აღიარებას.

კანონით, დამატებითი საქმიანობის შესრულებას ხელმძღვანელის 1 წლით გაცემული წერილობითი თანხმობა სჭირდება.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში ჯერჯერობით არ დაწყებულა.