საჯარო სამსახურში მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში 28 მაისს დარეგისტრირდა.
ცვლილებები შედის საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში.
საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ინიციირებული ცვლილებების თანახმად, კანონს ემატება IX/2 თავი, რომლის თანახმადაც:
- „მრჩეველი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს უსასყიდლოდ”.
- „პირი მრჩევლად მიიღება ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მრჩევლის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად”.
განმარტებითი ბარათის თანახმად, „მრჩეველის პოზიცია, მისი არსიდან გამომდინარე, არ არის დატვირთული და ტოლფასი საჯარო სამსახურში სხვა ფორმით დასაქმებული პირებისა. შესაბამისად, მიზანშეწონილია, სახელმწიფო მოსამსახურის ან სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულ პირის მრჩევლების საქმიანობა არ იყოს ანაზღაურებადი”.
აღნიშნული რეგულაციები გავრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, გარდა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევითი, სასპორტო, რელიგიური და წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა.