სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას საერთაშორისო სტანდარტი

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს – უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა უსაფრთხო გარემოში და ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.

2024 წლის 16 აპრილს 22:00 საათისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გამოყენებულია ე.წ. წიწაკის სპრეი.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ამავე დროს ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

აქციიდან კადრებში ჩანს, რომ შსს-მ უკვე გამოიყენა ცრემლმდენი სპრეი. პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმელებმა მოქალაქეებს ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

რამდენიმე წუთით ჩაირთო ასევე შსს-ს გაფრთხილების სისტემაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თუ აქციის მონაწილეები გააგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს.