სახიფათოა, პარლამენტის თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ღიად იძალადოს ქალზე – ბოკუჩავა

პუბლიკა

ძალიან სამწუხაროა და სახიფათო, როდესაც მმართველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ღიად იძალადოს ქალზე და შემდეგ გაამართლოს ქალთა მიმართ ძალადობა – ამ განცხადებით დაიწყო პოლიტიკური გამოსვლა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატი პირველად გამოეხმაურა 18 ივლისს პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარს, როდესაც ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნას ძალის გამოყენებით მოაშორა.

„რადგან ეს პირველი შესაძლებლობაა, ვისაუბრო თქვენ მიერ წაყვანილ სხდომაზე, ბატონო შალვა, უნდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხაროა და სახიფათო, როდესაც მმართველი გუნდი იღებს გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ შეიძლება დაინიშნოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ღიად იძალადოს ქალზე და შემდეგ გაამართლოს ქალთა მიმართ ძალადობა. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა არის სერიოზული პრობლემა და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს თქვენს ღირებულებებსა და პრინციპებზე. არა მხოლოდ თქვენს, ბატონო შალვა, არამედ თქვენი პოლიტიკური გუნდის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

თინა ბოკუჩავასა და შალვა პაპუაშვილს შორის მომხდარზე პარლამენტის გენდერულმა საბჭომ იმსჯელა და ძალადობა ვერ დაადგინა.

ძალადობას უარყოფს თავად პაპუაშვილი და უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც. ბოკუჩავას მხარდაჭერა მხოლოდ ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ჰქონდა.