ბრალდებულებისთვის ხანგრძლივი პაემნის უფლების მინიჭებაზე სარჩელი საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ხანგრძლივი პაემნის უფლება ბრალდებულებისთვის.

სარჩელი საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2021 წელს შეიტანა.

ომბუდსმენი ბრალდებულების ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლებით სარგებლობისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობაზე დაობდა.

გარდა ამისა, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულების ვიდეო პაემნის უფლებისგან გამორიცხვის კონსტიტუციურობას.

მოსარჩელე მხარის პოზიციით, ასეთი საკანონმდებლო რეგულაციები არაპროპორციულად ზღუდავდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობისა და სამართლის წინაშე ყველა ადამიანის თანასწორობის უფლებებს.

სარჩელის საპასუხოდ საქართველოს პარლამენტი აცხადებდა, რომ ბრალდებულები და მსჯავრდებულები არ იმყოფებიან არსებითად ერთგვაროვან ვითარებაში, ვინაიდან ხანგრძლივი პაემანი, როგორც ოჯახთან კავშირის ერთ-ერთი საშუალება, არის მხოლოდ გარკვეული კატეგორიის დაწესებულებაში მოთავსებული პირებისთვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც მსჯავრდებულს ენიჭება.

რაც შეეხება ვიდეო პაემანს, პარლამენტის წარმომადგენელთა მოსაზრებით, ის ასევე არ წარმოადგენს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთ უფლებრივ კომპონენტს, რის გამოც გამოირიცხება ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულის კონტაქტი ოჯახსა და ახლობლებთან ხანგრძლივი და ვიდეო პაემნების უფლების გამორიცხვით იზღუდება იმის გამო, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ გამოძიების ინტერესებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის რეალური საფრთხე, რაც წარმოშობს სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საჭიროებას.

კერძოდ, ბრალდებულისთვის, მისი ოჯახის წევრებთან დაწესებულების წარმომადგენლების მეთვალყურეობის გარეშე პირდაპირი და უშუალო კონტაქტის – ხანგრძლივი პაემნის გზით – შესაძლებლობის მინიჭებით, შესაძლოა მნიშვნელოვანი საფრთხე შეექმნას გამოძიების ინტერესებს და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელებას.

ასეთი კონტაქტისას, შესაძლოა, გაიზარდოს საქმეზე სინამდვილის დადგენის შეუძლებლობა, ამასთანავე, არსებობს შედარებით მცირე, მაგრამ გასათვალისწინებელი რისკი იმისა, რომ პატიმრობის დაწესებულებაში მოხვდეს აკრძალული ნივთები, ოჯახის წევრებთან კონტაქტის მეშვეობით, დამყარდეს (ან გაადვილდეს) კომუნიკაცია კრიმინალურ დაჯგუფებებთან ან მათთან ინფორმაციის გაცვლა.

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ვიდეო პაემნის, როგორც ოჯახთან კავშირის შენარჩუნების დამატებითი საშუალებით სარგებლობისას, უფლების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის რისკების არსებობის ფაქტზეც.

მართალია, მოსარჩელის აზრით, ამგვარი რისკები შესაძლოა არსებობდეს სატელეფონო საუბრის დროსაც ინფორმაციის გაცვლის სახით, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებით,  ვიდეო პაემნის გამართვის პროცესში მნიშვნელოვანია ის გარემოება, თუ რამდენად მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც სხეულის ენით გამოძიების ინტერესების დაზიანება, რაც, თავისთავად, ხელს შეუშლის მართლმსაჯულების ეფექტიანად აღსრულებას.

გარდა ამისა, ვიდეო პაემანი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლების მიერ ვიდეოპაემნის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ვინაიდან სახელმწიფო მოკლებულია შესაძლებლობას, ვიდეო პაემნის მიმდინარეობისას, განახორციელოს აუდიო კონტროლი ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე, ცალსახად იზრდება ლეგიტიმური მიზნებისთვის საფრთხის შექმნის ალბათობაც.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ  პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლებით სარგებლობასთან მიმართებით თეორიულად თანაბარი ინტერესის მიუხედავად, დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულები ვერ იქნებიან მიჩნეულნი როგორც არსებითად თანასწორები, რომელთა მიმართაც ერთგვაროვანი მოპყრობა უფრო გამართლებული იქნებოდა, ვიდრე გაუმართლებელი.

საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ყურადღებას ამახვილებს იმ საფრთხეებზე, რომლებიც უკავშირდება განსაკუთრებული რისკის მსჯავრდებულის ოჯახის წევრებთან თუ სხვა პირებთან კომუნიკაციას ვიდეო პაემნის მეშვეობით.

მათ შრის, საუბრობს იმის ალბათობაზე, რომ ვიდეო პაემანი მათი მხრიდან შეიძლება გამოყენებულ იქნას არალეგიტიმური მიზნით.

შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არც დახურული ტიპისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულები არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მიზნებისათვის.

დავის საგანი: პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-10 ნაწილისა (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) და 171 მუხლის პირველი ნაწილის (2024 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი რედაქცია) კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტთან და მე-15 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.