საკვებზე კრიზისის გამო, ევროკავშირი რუსული ბანკებისთვის სანქციების შემსუბუქებას გეგმავს - Reuters

პუბლიკა

საერთაშორისო გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ბანკების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოდიფიცირებას და, გარკვეულწილად, შემსუბუქებას გეგმავს.

ამისი მიზეზი საკვებისა და სასუქის სავაჭრო ბაზარზე საბანკო ტრანზაქციებისთვის გზის გახსნაა. ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე, როგორც Reuters წერს, გავლენა მოახდინა აფრიკის ქვეყნების ლიდერების კრიტიკამ, რადგანაც მათ ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრამ და შავი ზღვის პორტების ბლოკადამ პროდუქციის დეფიციტი შექმნა.

გამოცემა სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის მიერ სანქციების მოდიფიცირების შემდეგ საკვებისთვის განკუთვნილ აქტივებზე შეზღუდვები მოეხსნებათ წამყვან რუსულ ბანკებს – „ვითიბის“, „სოვკომბანკს“, „ნოვიკომბანკს“, ბანკ „ატკრიტიეს“, „ვებს“, „პრომსვიაზბანკს“ და ბანკ „რასიას“.

თუმცა ევროკავშირი აქტივებისა და ქონების გაყინვას გეგმავს რუსეთის ყველაზე დიდი ბანკის – „სბერბანკისთვის“, რომლისთვისაც, სხვა ბანკების მსგავსად, გამონაკლისის სახით, საკვებისა და სასუქისთვის განკუთვნილი რესურსები დარჩება ხელმისაწვდომი.