სალმან რუშდი მართვით სუნთქვაზეა, შესაძლოა, თვალი დაკარგოს - მწერლის აგენტი

პუბლიკა

„ეშმაკეული აიების“ ავტორზე, სალმან რუშდიზე თავდასხმის შემდეგ მისმა აგენტმა მწერლის შესახებ განაცხადა, რომ „კარგი სიახლეები არ არის“.

ავტორი, რომელსაც საჯარო ლექციის წაკითხვამდე, სცენაზე უცნობი პირი თავს დაესხა და დაჭრა, ახლა მართვით სუნთქვაზეა და საუბარი არ შეუძლია.

მწერლის აგენტი ენდრიუ უაილი აღნიშნავს, რომ მწერალმა, შესაძლოა, თვალი დაკარგოს.

მას შემდეგ, რაც რუშდიმ 1988 წელს „ეშმაკეული აიები“ გამოსცა, მწერალს მუდმივად ემუქრებოდნენ მოკვლით.

მწერალი თავდასხმიდან მალევე ვერტმფრენით გადაიყვანეს კლინიკაში.

„სალმანი, სავარაუდოდ, თვალს დაკარგავს; მას გაწყვეტილი აქვს ნერვი მკლავზე, დაჭრილი და დაზიანებული აქვს ღვიძლი“, – აცხადებს აგენტი.

პოლიციას თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ დაუდგენია.

მუქარები „ეშმაკეული აიების“ გამოცემის შემდეგ

1988 წელს მეოთხე წიგნის გამოქვეყნების შემდეგ სალმან რუშდი იძულებული გახდა 10 წლის განმავლობაში მიმალულიყო. სიურეალისტურმა, პოსტმოდერნულმა რომანმა აღშფოთება გამოიწვია მუსლიმთა ნაწილში. ისინი მიიჩნევდნენ, რომ რომანის შინაარსი მკრეხელური იყო, შეურაცხყოფდა ღმერთსა და რელიგიას, ამიტომ „ეშმაკეული აიები“ ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალეს.

„ეშმაკეული აიები“ არის რომანი, რომლის გამოც მწერალი ირანის ისლამური რევოლუციის პოლიტიკურმა და რელიგურმა ლიდერმა აიათოლა ჰომეინიმ შეაჩვენა და ყველა მართლმორწმუნე მუსლიმი დაავალდებულა, წიგნის ავტორი მოეკლა. მან სანაცვლოდ ფულადი ჯილდოც დააწესა.

ინდოეთში რუშდის წინაღმდეგ საპროტესტო გამოსვლების დროს რამდენიმე ადამიანი მოკლეს, ირანში კი ბრიტანეთის საელჩოს ქვები დაუშინეს.

1991 წელს წიგნის იაპონელი მთარგმნელი სასიკვდილოდ დაჭრეს, რამდენიმე თვის შემდეგ იტალიელი მთარგმნელი და ნორვეგიელი გამომცემელიც დაჭრეს, თუმცა ისინი სიკვდილს გადაურჩნენ.