სამადაშვილის გადაწყვეტილების შესახებ პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელებთ - მინაშვილი

პუბლიკა

ევროკავშირის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ამ ეტაპზე არ მოაწერა ხელი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, თუმცა ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო სალომე სამადაშვილმა

პარტიის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო სამადაშვილის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და არ ასახავდა „ნაციონალური მოძრაობის“ საერთო პოზიციას. მინაშვილისვე თქმით, სალომე სამადაშვილმა დოკუმენტის ხელმოწერა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვიტა.

„ხაზს ვუსვამ, ეს არის მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება პოლიტსაბჭოს შუალედურ გადაწყვეტილებას და ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იმსჯელებს“, – განაცხადა მინაშვილმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეთანხმებაზე მსჯელობას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც ნიკა მელია დატოვებს საპატიმროს. ზაალ უდუმაშვილის თქმით, პარტიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.