სამგზავრო აბონემენტების საბანკო ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი

პუბლიკა

სამგზავრო ვადიანი აბონემენტების საბანკო პლასტიკურ ბარათებში ინტეგრირება პირველი სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას.

მისივე თქმით, ამ სისტემის უპირატესობა ის არის, რომ მომხმარებელს ცალკე სააბონემენტო ბარათი არ დასჭირდება და ნებისმიერი ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათში იქნება ინტეგრირებული.

„ჩვენ შემოვიღეთ სააბონემენტო სისტემა, რომელიც ყველა განვითარებული ქვეყნის დედაქალაქშია დანერგილი და გვინდა, საუკეთესო მაგალითები პროექტების სახით თბილისშიც განვახორციელოთ. საზოგადოებას დავპირდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა აბონემენტების მიბმა გადახდის საბანკო ბარათებზე. ჩვენ ვთქვით, რომ ეს მაისში გაკეთდებოდა, თუმცა ბანკებთან მუშაობამ გარკვეული დრო წაიღო და დღეის მდგომარეობით, ყველაფერი შეთანხმებულია, როგორც „საქართველოს ბანკთან“, ასევე „თიბისი ბანკთან“. პირველი სექტემბრიდან უკვე ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. მომხმარებელს ცალკე ბარათი არ დასჭირდება და სამგზავრო ვადიანი აბონემენტი საბანკო ბარათზე იქნება მიბმული.“

მისივე განმარტებით, იმ ადამიანებს, რომლებსაც სამგზავრო ბარათები უკვე შეძენილი აქვთ, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ შეეძლებათ აბონემენტის უკვე საბანკო ბარათზე მიბმა.