„სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული" | რკინიგზის განცხადება

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზეა გაჩერებული. მიზეზი, მათი განცხადებით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობაა.

რკინიგზა აცხადებს, რომ ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია.

„დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არიან გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.

ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე“, – წერია განცხადებაში.

დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობაა, რამაც გზებზე პრობლემები შექმნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ძლიერი თოვა, ძლიერი ქარი, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტრო გადამცემ ხაზებზე შემოყინულობა; მაღალმთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება, ზღვაზე ძლიერი 6 ბალამდე შტორმი.