სამინისტრო ვერ ანეიტრალებს ხელშეკრულების პირობებზე არსებულ კრიტიკას | EMC-ის პასუხი

პუბლიკა

EMC ეხმაურება ეკონომიკის სამინისტროს  პასუხს ნამახვანჰესის ხელშეკრულების ანალიზთან დაკავშირებით.

ეკონომიკის სამინისტრო EMC-ის მიერ მომზადებულ შეფასებას, რომელიც ნამახვანჰესზე დადებული ხელშეკრულების ანალიზს მოიცავს,  5 მარტს  წერილობით გამოეხმაურა და ორგანიზაციის მიერ მოზადებულ დოკუმენტს არაკომპეტენტური და არაზუსტი უწოდა.

EMC აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან განმარტება ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის პირობებთან დაკავშირებით შეიცავს უსაფუძვლო და მანიპულაციურ მსჯელობებს, არ პასუხობს სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებასთან კომუნიკაციის მინიმალურ სტანდარტს, სრულად თავს არიდებს ორგანიზაციის მიერ დასმულ არაერთ მწვავე საკითხს და ვერ ანეიტრალებს ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით არსებულ კრიტიკას. პუნქტობრივად გთავაზობთ EMC-ის შეპასუხებას სამინისტროს განცხადებაზე. EMC-ის სრული განცხადება და ეკონომიკის სამინისტროს გამოხმაურება შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე.

  1. ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფი

„სამინისტროს, არც აქამდე და არც EMC-ის შეფასებაზე პასუხად, არ წარმოუდგენია კონკრეტულ რიცხვებსა და გათვლებზე დამყარებული არგუმენტები, რომლებიც ხელშეკრულებით განსაზღვრულ გარანტირებულ ტარიფს დაასაბუთებდა და უპასუხებდა მსოფლიო  ბანკის მიერ მომზადებულ შეფასებას, რომელიც ცხადად მიუთითებს ნამახვანი ჰესის პროექტში განსაზღვრული გარანტირებული შესყიდვის ტარიფით გამოწვეული ფისკალური ხარჯების თაობაზე.

  1. ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანის შესაძლებლობა არა-PPA პერიოდში

სამინისტროს საკუთარ წერილში არ უარყვია, რომ კომპანია უფლებამოსილია ელექტროენერგია ექსპორტზე გაიტანოს  არა-PPA (გარანტირებული შესყიდვის პერიოდის მიღმა სხვა პერიოდებში), რითაც ადასტურებს შეთანხმების მიხედვით კომპანიისთვის გამომუშავებული ელექტორენერგიის განკარგვის სრული უფლების გადაცემას. თუმცა იმდენად, რამდენადაც სამინისტრო ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ აქვს კომპანიას არსებული სახელშეკრულებო პირობებით ელექტროენერგიის შიდა მოხმარების ბაზარზე დატოვების ვალდებულება, ის ცდილობს ფოკუსი გადაიტანოს, ერთი მხრივ, იმ გარემოებაზე, რომ ენერგიის ექსპორტზე გასატანად კომპანიას აუქციონში მონაწილეობა მოუწევს, ხოლო, მეორე მხრივ, გადამცემი ქსელის სახელმწიფოს მიერ კონტროლზე. თუმცა, არც ერთი ეს გარემოება არ ცვლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპანიის უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს ენერგია არა-PPA პერიოდში. ასევე, სამინისტრო არ საუბრობს იმის შესახებ, რომ ამ უფლების დარღვევა წარმოშობს მთავრობის შესაბამის (ფინანსურ) პასუხისმგებლობას.

  1. მიწის რესურსი

მიუხედავად სამინისტროს მცდელობისა, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის მიწოდებით არასრული შთაბეჭდილება შეექმნა ხელშეკრულების შინაარსზე (მაგ., იმის შესახებ, რომ „საჭირო მიწები“ ამომწურავადაა ჩამოთვლილი დანართში), ნათელია, რომ ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ ბუნებრივი რესურსების  (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლადაც რიონის ხეობის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიაზე. საჭირო მიწის „საჭიროებას“ კი ადგენს კომპანია და ამ დადგენისას მხოლოდ გონივრულობის უზოგადესი სტანდარტითაა შეზღუდული. ასევე სამინისტროს განცხადებასში ნათქვამია, რომ ოფიციალურ აქტს მიწის გადაცემის შესახებ აუცილებლად გამოსცემს სახელმწიფოს შესაბამისი ორგანო, მაგრამ ხელშეკრულებით მთავრობა უკვე „ვალდებულია გადასაცეს“ საჭირო მიწები ხსენებული ტერიტორიის ფარგლებში.

  1. წყლის რესურსი

სამინისტროს საპასუხო განცხადებაში არ არის უარყოფილი EMC-ის კვლევაში განმარტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსიც. ამასთან, წერილში არ მომხდარა იმის უარყოფა, რომ სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი  ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით. სამინისტროს საპასუხო განცხადებაში მხოლოდ განმარტებულია, „თუ რა ფორმით არის შესაძლებელი მდინარე ცხენისწყლის რესურსის ათვისება ნამახვანი ჰესის მიერ.“

  1. ბუნებრივი რესურსები

EMC საკუთარ კვლევაში წერდა, რომ კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ამასთან დაკავშირებით სამინისტრომ აღნიშნა, რომ ეს არ არის უკანონო პრაქტიკა, მაგრამ EMC-ის შეფასებაში არსადაა ნათქვამი, რომ ეს პრაქტიკა უკანონოა, მხოლოდ მივუთითეთ, რომ ეს კიდევ ერთი „პრივილეგიაა“, რომელსაც სახელმწიფო გადასცემს კომპანიას და, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც სახელმწიფოსა და კომპანიის ინტერესებს შორის ბალანსის განსაზღვრისას უნდა იყოს მხედველობაში მიღებული.

  1. სამართლის და გადასახადების ცვლილება

EMC ვერ გაიზიარებს სამინისტროს განცხადებაში მოცემულ მტკიცებას, რომ ვინაიდან საქართველომ ასოცირების შეთანხმების კანონმდებლობის დაახლოების ვალდებულება ნამახვანის ხელშეკრულების გაფორმებამდე იკისრა, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სამართლის ცვლილებად არ ჩაითვლება, რამდენადაც ხელშეკრულების შინაარსი საპირისპიროს ამტკიცებს.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს წერილი არ პასუხობს EMC-ის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ხელშეკრულება გადასახადის ცვლილებას განსაზღვრავს „კომპენსირებად შემთხვევად“, და გადასახადების ზრდის რისკის დაზღვევას სახელმწიფოს ავალდებულებს.

  1.   დასაქმება

სამინისტრომ საპასუხო განცხადებაში აღიარა, რომ ნამახვანი ჰესის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება კომპანიას საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მკაცრ ვალდებულებას არ აკისრებს, რაც ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიტორიკას ადგილობრივების დასაქმების მყარი გარანტიების შესახებ.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ხელშეკრულება შეცავს სხვა არაერთ დაუბალანსებელ ჩანაწერსაც, რომლებთან დაკავშირებითაც სამინისტრო განმარტებას არ აკეთებს და მათ შორისაა ფორს-მაჟორის სახელშეკრულებო რეგულირება.

ჩვენი შეფასებით, სამინისტრო ვერ ასაბუთებს და ვერ პასუხობს ჩვენს მიერ  წარმოდგენილ დასკვნებსა და შესაბამის დასაბუთებას. შემდგომი დისკუსიებისთვის აუცილებლად მიგვაჩნია  სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული რისკების და საკითხების შეფასება სათანადოდ განხორციელდა ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ამდენად, მოვუწოდებთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს დოკუმენტაცია, რაც ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მომზადებულიყო, მათ შორის:

  • პროექტის ხარჯსარგებლიანობის ანალიზი;
  •  იუსტიციის სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს დასკვნები;
  • ნამახვანი ჰესის პროექტის კონცეფცია და საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია“, – წერს EMC.