სამინისტროსთან მე-10 სკოლის ყოფილი დირექტორის მხარდასაჭერი კიდევ ერთი აქცია გაიმართა

პუბლიკა

დღეს განათლების სამინისტროსთან მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და მშობლებმა ყოფილი დირექტორის, ბელა ხუბუტიას მხარდაჭერის მიზნით კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

19 სექტემბერს მე-10 საჯარო სკოლასთან გამართულ აქციაზე აქციის საგაფიცვო კომიტეტმა შეიმუშავა 4-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც ჩაბარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნაძალადევის ადგილობრივ გამგეობას, ნაძალადევის მაჟორიტარ დეპუტატ სოფიო კილაძეს.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ დროზე (უკვე საკმარისი დრო გვქონდა მიცემული, 2017 წლიდან მოყოლებული) მოგვცენ დადასტურებული პასუხი სკოლის გამაგრებითი სამუშაოების შესახებ, რაზეც ყოველთვის გვეძლევა შაბლონური პასუხი, რომელიც არ სრულდება. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ სამოქმედო გეგმას. მეორე – ვაპროტესტებდით შერჩევით სამართალს, იმას, რაც ადამიანის ღირსების შელახვაზეა ორიენტირებული; მესამე – გაგზავნილი გვქონდა მშობლებისა და მასწავლებლების წერილები, რომლებზეც დღემდე არ მიგვიღია პასუხები; მეოთხე – პირველი სამი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში დავგეგმეთ პერმანენტული აქციები, თუ ამ აქციებმაც არანაირი შედეგი არ გამოიღო, მაშინ მოსწავლეთა და მშობელთა საუკეთესო ინტერესების დაცვით, კანონმდებლობის ნორმების დაცვით ვიწყებთ გაფიცვას“, – განაცხადა სკოლის ყოფილა დირექტორმა, ბელა ხუბუტიამ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ , რომ ბელა ხუბუტიამ 13 წლიანი მუშაობის განმავლობაში სკოლისთვის ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები განახორციელა, ის კარგი  ლიდერი და მენეჯერია. აქციის მონაწილეები ითხოვენ ბელა ხუბუტიას მორიგ არჩევნებამდე  სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის სტატუსი შეუნარჩუნდეს.

საჯარო სკოლის დირექტორთა გარკვეული ნაწილი თანამდებობიდან გათავისუფლდა, მათ უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. თბილისის მე-10 საჯარო სკოლის დიერქტორი ბელა ხუბუტია ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 8 სექტემბერს შეუწყდა. ბელა ხუბუტია სკოლის დირექტორებთან მიმართებით, სამინისტროს მხრიდან შერჩევით დამოკიდებულებაზე საუბრობს, უფრო კონკრეტულად კი, მისი ინფორმაციით, გლდანი-ნაძალადევის რაიონში (სადაც მე-10 საჯარო სკოლა მდებარეობს) მდებარე 48 საჯარო სკოლიდან, პირველ ეტაპზე 29 სკოლის დირექტორს სამინისტროდან მიეთითათ, რომ დაეწერათ განცხადება, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს თხოვდნენ თავისი კანდიდატურის წარდგენას მათსავე სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. ბოლო მონაცემებით კი რაიონში სულ 6 დირექტორი აღმოჩნდა ისეთი, რომლებსაც მსგავსი მითითება განცხადების დაწერის თაობაზე არ მიუღიათ, მათ ხელშეკრულება შეუწყდათ და არც გაგრძელებიათ.

დღესდღეობით მე-10 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი არ დაუნიშნავთ, უფლებამოსილებას დირექტორის მოადგილე ასრულებს. ბელა ხუბუტია კი სკოლაში მასწავლებლის პოზიციაზე რჩება.

ბელა ხუბუტია ამბობს, რომ მის მიმართ შერჩევითი დამოკიდებულება მისივე აქტიურობამ განაპირობა, კერძოდ, ავარიული სკოლის შენობის აღდგენასთან დაკავშირებით: „მე ყველა დონეზე ვაყენებდი ამ საკითხს, ვაწუხებდი და, ცხადია, მე არ ვიყავი მათთვის სასურველი კადრი“,- ამბობს ბელა ხუბუტია.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში დანიშნულ დირექტორებს 2020 წლის სექტემბრიდან ეტაპობრივად ეწურებათ შრომითი ხელშეკრულების 6-წლიანი ვადა.

„კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული დირექტორების უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით ხდება. მსგავსი პროცესი ყოველწლიურად ხდება, როდესაც სხვადასხვა დროს არჩეულ ან დანიშნულ დირექტორებს შრომითი ხელშეკრულების ვადა ეწურებათ. ყველა მათგანს შესაძლებლობა აქვს, მონაწილეობა მიიღოს სამინისტროს მიერ გამოცხადებულ საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევ კონკურსში“, – განმარტავენ სამინისტროში.