„სამოქალაქო თავდაცვის“ ჯგუფის წევრი, რომელიც სირიაში მუშაობდა, სტამბოლში გარდაცვლილი იპოვეს

პუბლიკა

ბრიტანული არმიის ყოფილი წევრი და სირიაში სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის, „თეთრი ჩაფხუტების“  თანადამფუძნებელი თურქეთში სტამბოლში, საკუთარ სახლთან გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გარდაცვალების მიზეზი უცნობია. თურქეთის საგამოძიებო უწყებამ  გამოძიება დაიწყო, – წერს BBC.

ლი მესურიერი გამთენიისას იპოვეს გარდაცვლილი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მას აღენიშნებოდა თავისა და მუხლების მოტეხილობა და, სავარაუდოდ აივნიდან არის გადმოვარდნილი.

ჯეიმს ლი მესურიერი წარსულში გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობდა. ასევე ის იყო ორგანიზაცია „თეთრი ჩაფხუტების“ თანადამფუძნებელი.

„თეთრი ჩაფხუტების“ წარმომადგენლები სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით მუშაობდნენ, ისინი თავდასხმების შედეგად დაჭრილ სამოქალაქო პირებს ეხმარებიან.

„თეთრი ჩაფხუტების“ ორგანიზაცია 2016 ნობელის პრემიაზე, მშვიდობის დარგში იყო წარდგენილი.

სირიის მთავრობა, რუსეთი და ირანი და რუსეთის მხარდამჭერები  „თეთრი ჩაფხუტების“ ორგანიზაციას ტერორისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინა კვირას განაცხადა, რომ ჯეიმს ლი მესურიერი დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის წევრი იყო.

გაეროში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, კარენ პირსმა უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდება და განაცხადა, რომ „ის ჯაშუში არ იყო და რუსეთის საგარეო უწყების განცხადება კატეგორიულად არასწორია“.