სანიკიძე: ხალხს უჩნდება უსამართლობის განცდა, "რომ მე ვიცავ წესებს და სხვა - არა"

პუბლიკა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრის გუბაზ სანიკიძის თქმით, საეკლესიო რიტუალების ტრადიციულად  აღნიშვნის გამო, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას. რადგან ეს არა მხოლოდ ვირუსის სწრაფად გავრცელების საფრთხეს ქმნის, არამედ წარმოაჩენს კანონის წინაშე უთანასწორო დამოკიდებულებას.

„სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. იცით, რომ ათონის მთის ავტორიტეტი ნებისმიერ ადგილობრივ ეკლესიაზე გაცილებით მაღალია. ათონის მთაც კი ჩაიკეტა. მე ვფიქრობ, თუ ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ აღდგომის დღესასწაული ჩატარდეს იმ სტანდარტებით, რაც აუცილებელია პანდემიის ვითარებაში, მოუწევს ძალიან მძიმე პრობლემებთან დაჯახება. არა მარტო ხელისუფლებას, თითოეულ ჩვენგანს.

გარდა იმისა, რომ პანდემია შეიძლება გავრცელდეს ძალიან სწრაფად, მეორე დიდი საფრთხეა, რომ ამას შეიძლება ქაოსიც მოჰყვეს – მასობრივი დაუმორჩილებლობა დაწესებულ წესებზე. ამის ნიშნები გუშინ მცირედით მარნეულში ვიხილეთ. მოქალაქეებს უჩნდებათ უსამართლობის განცდა, რომ მე ვიცავ და სხვა არ იცავს“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში.

სანიკიძის თქმით, სიტუაციის მართვაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აკისრია, ამიტომ, მისი აზრით, პრემიერ-მინისტრის კომენტარი, რომ მოქალაქეებმა უნდა აიღონ თავიანთ თავზე პასუხისმგებლობა, მიუღებელია. ეკლესიასთან შექმნილი სიტუაციიდან კი გამოსავალი მთავრობამ უნდა იპოვოს.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეკლესია ნაწილობრივ მაინც შეცვლის თავის გადაწყვეტილებას. თუმცა უნდა მოვემზადოთ იმისთვისაც, რომ ეკლესიამ შეიძლება არ შეცვალოს თავისი გადაწყვეტილება. ამიტომ ხელისუფლებამ ყველა ვითარებში გამოსავალი უნდა მოძებნოს“, – თქვა გუბაზ სანიკიძემ.