საპარლამენტო საქმიანობას შევუერთდები მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე – კორძაია

პუბლიკა

„მზაობას გამოვხატავ შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე”, – აცხადებს „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია.

„მადლობა მინდა გადავუხადო ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს. მადლობა პრეზიდენტ შარლ მიშელს იმისათვის, რომ ხელი არ გაუშვა. იმედს ვიტოვებ, რომ დღეს ბატონი მიშელის ჩამოსვლის შედეგი იქნება ნიკა მელიას დაუყოვნებლივ გამოშვება და საერთაშორისო პარტნიორობით მისი მხრიდანაც დოკუმენტის ხელმოწერა.

რაც შეეხება ჩემს ინდივიდუალურ პოზიციას. მიმაჩნია, რომ ვერც მე და ვერც „რესპუბლიკური პარტია“ დამოუკიდებლად, საარჩევნო ბლოკისა და ამ ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მძლავრი მხარდაჭერის გარეშე ვერ მოვიპოვებდით საპარლამენტო მანდატებს, ამიტომ მე მზაობას გამოვხატავ შევუერთდე საპარლამენტო საქმიანობას ნიკა მელიას გამოსვლისა და მის მიერ დოკუმენტის ხელმოწერისთანავე.

მინდა გამოვხატო რწმენა, რომ ეს უახლოესი საათების საკითხია და ეს შეთანხმება მიაღწევს საბოლოოდ იმ შედეგს, რასაც ისახავდა მიზნად მოდერაციის დაწყებისას – ჩააცხრობს იმ კრიზისს, რაც არჩევნების დღიდან გრძელდება და დაადასტურებს ქვეყნის დასავლური კურსის ერთგულებას”, – წერს კორძაია.