საპატრიარქო გვიქმნის საფრთხეს. თუ პარტიებს არ აქვთ თავი, ცალკეულმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება უნდა გავაკეთოთ - ბერძენიშვილი

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას” ეთერში დავით ბერძენიშვილმა საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საპატრიარქოსთან მიმართებით სახელმწიფო უსუსური აღმოჩნდა და დღევანდელ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს და ეკლესიას, თუმცა მისი თქმით, უპირველესად შექმნილ ვითარებაზე პასუხისგებელია პატრიარქი და საპატრიარქო.

მისივე თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საპატრიარქოსთან დაკავშირებით საერთო განცხადება უნდა გააკეთონ.

„მაინცდამაინც სასულიერო პირები უნდა დაიხოცონ, რომ მიხვდნენ საერო და საეკლესიო საზოგადოება, რომ ვითარება მძიმეა. ჩემთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე. კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარი და მთავარი ღირებულება ადამიანია და მის სიცოცხლეზე ზრუნვა ყველა ცივილიზებული ქვეყნის ხელისუფალთა, სხვადასხვა კონფესიის ხელმძღვანელთა ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს არის ყველა მართლმადიდებლის გადაწყვეტილება და მათ შორის მსოფლიო პატრიარქის, რომელიც მარტო სტატუსით კი არ არის მაღლა, ვიდრე საქართველოს პატრიარქი, არამედ თეოლოგიური ცოდნითა და პრინციპულობით. ასევე უკრაინის ეკლესიასთან დამოკიდებულებით. ის პირდაპირ ეუბნება ხალხს, რომ მე თქვენთვის ვლოცულობ და დარჩით სახლში.  რომის პაპი მარტოა წმინდა პეტრეს ტაძარში და ა.შ. მივესალმები რუსუდან გოცირიძეს, მაგარია, გაუმართლა მის მრევლს. სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები არიან ადეკვატური”, – აღნიშნა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში ეკლესია და ხელისუფლება 30 წელია, ერთმანეთში შეზრდილია და საქართველოს როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყანას ორი ინსტიტუცია მართავს.

„რაც შეეხება ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობას. 30 წელია ეკლესია და ხელისუფლება შეზრდილია ერთმანეთში. სულ ერთია რომელი ხელისუფლებაა შევარდნაძის სააკაშვილის თუ ივანიშვილის. ეკლესია ცდილობს, იყოს შეზრდილი მომავალ ხელისუფლებათა პარტნიორ კონკურენციის რეჟიმში და როგორც კი კრიტიკული ვითარება იქნება, ხელისუფლებას ცოცხალი ადამიანების ხარჯზე მისი ძალა აჩვენოს. ხელისუფლება სუსტი და უსუსურია ეს ფაქტია და ცუდია. სამარცხვინოა ასეთი ენის მოჩლექვით საუბარი, სამარცხვინოს თავი დავანებოთ, სახიფათოა”, – ამბობს დავით ბერძენიშვილი.

მისივე თქმით, საპატრიარქოსთან დაკავშირებულ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო განცხადება უნდა გაავრცელონ.

„მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ვსაუბრობდით ადრე და ახლა ლაპარაკობს მეტი. მივესალმები ყველას, მივესალმები ნიკა მელიას მკაფიოდ საუბრობს და საჯაროდ. ხელისუფლება რომ სუსტია, ეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან ილია მეორეს. პასუხისმგებელია სახელმწიფო, მაგრამ  პასუხისმგებელია ამ პრობლემის შემქმნელი უპირველეს ყოვლისა, საქართველოს პატრიარქი, საქართველოს საპატრიარქო.

ციანიდის საქმეში ივანიშვილმა გაულაწუნა ილია მეორეს, ილია მეორე ულაწუნებს ივანიშვილს, რომელიც საერთოდ აორთქლდა, რომელიც დამალულია და ხალხს არ ეჩვენება. გახარიას ივანიშვილისგან ცალკე წნეხი აქვს და ილია მეორესგან ცალკე წნეხი აქვს. მთავრობიდან ერთი კაცი არ აღმოჩნდა საჯაროდ რომ ამოიღოს ხმა.

ამასთან მე მინდა ვთქვა, მხოლოდ ეკლესიაში არაა პრობლემა. პრობლემაა ის, რომ მთელი ჩვენი საზოგადოება, მათ შორის ოპოზიციური პარტიები მთლიანად, და თუ პარტიებს არ აქვთ თავი, მაშინ ცალკეულმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება უნდა გავაკეთოთ, რომ საფრთხეს გვიქმნის საპატრიარქო”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

საქართველოს საპატრიარქო ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიუხედავად, არ ცვლის სააღდგომო ლიტურგიის გამართვის განრიგს. ასევე ეკლესიები ღია იქნება მრევლისთვის.