საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. „პუბლიკა“ ცდილობს მასთან დეტალების გარკვევას და ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

„პუბლიკას“ დაცვის თანამშრომლის კორონავირუსით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურეს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, რომლის მოვალეობაშიც შედის საპატრიარქოს დაცვა. უწყების განმარტებით, ინფიცირებული თანამშრომელი საპატრიარქოს შენობას იცავს და სასულიერო პირებთან შეხება არ ჰქონია. მიმდინარეობს მისი კონტაქტების მოძიება.

ამ დილით გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი ერთ სასულიერო პირს დაუდასტურდა. სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ვირუსი მისი ოჯახის სამ წევრსაც დაუდასტურდა. მაკა სოლოღაშვილი ამბობს, რომ ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ სასულიერო პირი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ვერაზე მდებარე წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში მსახურობდა. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, მან საეკლესიო მსახურება რამდენიმე დღის წინ, სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  296 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 69 გამოჯანმრთელებულია, 3 – გარდაცვლილი.