საპატრიარქოს წარმომადგენლები პრეზიდენტს ხვდებიან

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირსა და სალომე ზურაბიშვილს შორის აუდიენცია გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან გამოვიდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც მედიას განუცხადა, რომ შეხვედრას არ დასწრებია და მან შიო მუჯირი ადმინისტრაციამდე „უბრალოდ მოაცილა“.

ჟურნალისტებს დეკანოზ ჯაღმაიძესთან შეკითხვები მოსაყდრე შიოს მიერ გაცხადებულ ინიციატივაზე ჰქონდათ.

5 ივლისს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ქადაგებისას გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონმდებლობაში ცნება „ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ აისახოს.

დეკანოზი ჯაღმაიძის თქმით, საპატრიარქო საზოგადოებასთან ერთად აპირებს იმაზე მსჯელობას, რომ ადამიანები დაცული იყვნენ ცილისწამებისგან, შეურაცხყოფისგან. ჯაღმაიძის თქმით, ეს ყველას პრობლემაა.

„არ დარჩა ადამიანი, რომელიც საჯარო სივრცეში გამოდის, რომ უმოწყალოდ არ იყოს გალანძღული“, – თქვა მან.

ჟურნალისტების შეკითხვაზე – რა შეიძლება ჩაითვალოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფად? – დეკანოზი პასუხობს, რომ ეს კომპლექსური საკითხია.

„ძალიან რთული დეფინიციაა, ძალიან რთული განსასაზღვრია. ამაზე ალბათ უნდა მოიკრიბოს საერთაშორისო გამოცდილება და იურისტებმა უნდა იმსჯელონ“, – აცხადებს ჯაღმაიძე.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ამ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსთან კონსულტაციები არ დაწყებულა და ჯერ არ იცნობს დეპუტატების პოზიციას.

„გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის შეურაცხყოფა – სულ მუდმივად გვიწევს ამის ზღვარზე დავა და კამათი როგორღაც ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ოპტიმალური გამოსავალი მოინახოს“, – აცხადებს ჯაღმაიძე.


საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ ქაშვეთის ეკლესიაში პარაკლისის გადახდის შემდეგ ქადაგებისას გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონმდებლობაში ცნება „ეროვნული და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ აისახოს.

„ეკლესია ვერასდროს შეეგუება ცოდვის ნორმად გამოცხადებას და დაკანონებას. ამიტომ ეს რომ ავირიდოთ თავიდან, ეს მძიმე წუთები, ვფიქრობთ ხომ არ არის დრო, რომ საზოგადოებამ, ხელისუფლებამ ერთად ხომ არ დავიწყოთ ფიქრი, რომ ეს კანონმდებლობაში აისახოს. აისახოს რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ცნება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.