საპროცესოს გაფორმების შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ და ყოფილმა მოადგილემ ციხე დატოვეს

პუბლიკა

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა: ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს – მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

საპროცესოს პირობების მიხედვით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ. აქედან 1 წელი და 2 თვე მათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 3 წელი პირობითად ჩაეთვლებათ, იმავე გამოსაცდელი ვადით. ორივე მათგანს ასევე 100 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრათ.

პროკურორის განმარტებით, საპროცესოს პირობა იყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა.


თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საფუძველი მათ მიერ დანაშაულის აღიარება და გამოძიებასთან თანამშრომლობა გახდა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. აქედან 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება.  ამასთან, ბურჭულაძეს 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, საქმე 2021-2024 წლებში, როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყო, თავდაცვის სამინისტროს მიერ ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის საიდუმლო შესყიდვებს უკავშირდება.

პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის ბოლოდან თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება გაუჩნდა. უწყების მტკიცებით, ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისმა ნათესავმა ვასილ მხეიძემ შესაბამისი გამოცდილების მქონე ბიზნესმენს შესყიდვის ისეთი ფორმით გამოცხადება შესთავაზა, რომელიც დაკავშირებულ კომპანიებს გამარჯვებას გარანტირებულად უზრუნველყოფდა. სანაცვლოდ კი მან მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდი ფულის სახით გადაცემა მოითხოვა.

პროკურატურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა თავდაპირველად დანაშაულებრივ შეთანხმებაზე უარი თქვა და მაღალი თანამდებობის პირებისგან დამატებითი გარანტიები მოითხოვა, ბურჭულაძე მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეუთანხმდა, რომ თავდაცვის სამინისტროს შესყიდვები იმგვარად განხორციელდებოდა, რაც ბიზნესმენის კომპანიებს სასურველ ფასად გამარჯვებას უზრუნველყოფდა.

უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა ბურჭულაძეს შესაბამისი სამსახურებრივი მხარდაჭერა გაუწია და, თავის მხრივ, საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღებაც მოითხოვა.

პროკურატურის მტკიცებით, ბურჭულაძის დავალებით თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ხაინდრავამ და შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ღუდუშაურმა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის პროცესში მიზანმიმართული ქმედებებით არაკონკურენტული გარემო შექმნეს.

გამოძიების ვერსიით, შედეგად, სამი საიდუმლო შესყიდვის ფარგლებში ბურჭულაძესთან და სხვა ფიგურანტებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა თავდაცვის სამინისტროს 11 499 705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი 18 484 960 ლარად მიაწოდეს.

პროკურატურის ინფორმაციით, სხვაობამ 6 985 255 ლარი შეადგინა, რაც სახელმწიფოსთვის მიყენებულ ქონებრივ ზიანად არის შეფასებული.

უწყების განცხადებით, ზემოხსენებული შესყიდვების პარალელურად, ბიზნესმენმა ვასილ მხეიძეს რამდენიმე ეტაპად, ნაღდი ფულის სახით, სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% – 1.9 მილიონი ლარი გადასცა.

პროკურატურის ინფორმაციით, აქედან 400 ათასი ლარი მხეიძემ პირადი სარგებლის სახით დაიტოვა, ხოლო დარჩენილი 1.5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა.

ბურჭულაძემ, პროკურატურის მტკიცებით, მიღებული თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე 750 ათასი ლარი რამდენიმე ეტაპად ქრთამის სახით ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.