საქალაქო სასამართლოსთან რიონის ხეობაში დაგეგმილი ჰესების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

პუბლიკა

„არა ონისა და ნამახვანის ჰესებს”, – თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია იმართება.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ შეწყდეს მდინარე რიონზე დაგეგმილი ჰესების მშენებლობა, გამოცხადდეს მორატორიუმი და გაიმართოს აღნიშნული პროექტების საჯარო განხილვა.

„ჰესების პროექტების დაგეგმვისა და უკანონო მშენებლობის პროცესი არა მხოლოდ სრულყოფილი კვლევითი დოკუმენტაციის გარეშე, არამედ ჰესების წინააღმდეგ მებრძოლი მოსახლეობის აქტიური დემონიზაციის, გარიყვის, დამცირების ფონზე მიმდინარეობს. ეს გასაიდუმლოებული პროექტები რიონის ხეობას ასობით ადამიანის გადასახლებით, ტერიტორიის დატბორვით, ბიომრავალფეროვნების შემცირებით, მიკროკლიმატის ცვლილებით, ვაზის უნიკალური ჯიშების, მეღვინეობის და ტურისტული საქმიანობის შეზღუდვით ემუქრება.

მსგავსი დანაკარგის საპირწონედ არ დგას არცერთი არსებითი არგუმენტი, პროექტების საჯარო სარგებლის დადასტურების არცერთი დასაბუთება, მოკლევადიანი ფინანსური ინტერესისა და კერძო კომპანიების მოგების გარდა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ნამახვანის ჰესის შესახებ:

მდ. რიონზე (წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში) დაგეგმილია ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა. პროექტით მიხედვით, გათვალისწინებულია 2-საფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობა. თითოეულ საფეხურზე მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები.

რა იგეგმება რაჭაში?

გზშ-ის ანგარიშის მიხედვით, იგეგმება მდ. რიონზე, ორსაფეხურიანი ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურის კასკადის – „ონი 1 ჰესი“ (122.46 მგვტ) და „ონი 2 ჰესი“ (83.7 მგვტ) მშენებლობა და ექსპლუატაცია. კასკადის თითოეული საფეხურის შემადგენლობაში გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ნაგებობები:
● სათავე წყალმიმღები ნაგებობა.
● სადერივაციო-სადაწნეო სისტემა.
● ძალური კვანძი (ჰესის შენობა და ქვესადგური).