საქართველო ევროგადახდის ერთიან სივრცეს შეუერთდება - პრემიერი

პუბლიკა

ვემზადებით, რომ შევუერთდეთ ერთიან ევრო გადახდის სივრცეს, SEPA –ს, ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი არიან.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ყველა სამთავრობო უწყება მუშაობს, მთავრობის სხდომის შემდეგ კი პარლამენტს სამი კანონპროექტი გადაეგზავნება დასამტკიცებლად.

„ეს არის ევროკავშირის და ევროზონის ქვეყნებში საგადასახადო მომსახურების და პროვაიდერების ჰარმონიზების ჩარჩო, რომლის წევრიც არის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა, ასევე დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, ეროვნული ბანკი ჩართულია, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა სამთავრობო უწყებები და საქართველოს პარლამენტმა, რომელსაც გადაეგზავნება დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარმოდგენილი სამი კანონპროექტი, უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი ცვლილებები უნდა ასახოს კანონმდებლობაში, რაც ასევე ძალიან პოზიტიური იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ევროკავშირში გადარიცხვებისთვის აღარ იქნება საჭირო საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება და ეს ძალიან პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.