საქართველომ 16 რეკომენდაციიდან 6 ნაწილობრივ შეასრულა, 2 არ შეუსრულებია - GRECO

პუბლიკა

ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული ორგანიზაცია – კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფი (GRECO) აქვეყნებს მეოთხე ანგარიშს საქართველოს შესახებ, რომელიც შეეხება კორუფციის პრევენციას პარლამენტის წევრებთან, მოსამართლეებთან და პროკურორებთან მიმართებით.

GRECO ასკვნის, რომ საქართველომ დამაკმაყოფილებლად შეასრულა ან დამაკმაყოფილებელი წესით დაარეგულირა მეოთხე რაუნდის შეფასების ანგარიშში მითითებული 16 რეკომენდაციიდან 8 რეკომენდაცია. დარჩენილი რეკომენდაციებიდან ექვსი შესრულდა ნაწილობრივ, ხოლო ორი არ შესრულებულა.

პარლამენტის წევრებთან მიმართებით, GRECO წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაბამისობის მეორე ანგარიშის მიღების შემდეგ, არანაირი ხელშესახები პროგრესი არ ყოფილა დანარჩენი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით. ხელისუფლების ორგანოებს არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ინფორმაცია კანონპროექტებთან დაკავშირებით საჯარო კონსულტაციების პროცედურის მარეგულირებელი უნიფიცირებული ნორმატიული ბაზის შემუშავების შესახებ. ეთიკის საბჭო ჯერ კიდევ არ ამოქმედებულა სრულად, ხოლო პარლამენტის წევრებს კონფიდენციალური კონსულტაციები ჯერ არ გასწევიათ. სამწუხაროდ, არანაირი პროგრესი არ არის პარლამენტის წევრთა ინტერესთა შეუსაბამობის დაუყოვნებლივ გამჟღავნების ვალდებულების შემოღების მიმართულებით.

რაც შეეხება მოსამართლეებს, GRECO კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დაწინაურების კონკურენტული პროცედურა შესაბამისობაშია მისი რეკომენდაციის მოთხოვნებთან.

ამის მიუხედავად, GRECO-ს სერიოზული ეჭვები აქვს კონკურსის გარეშე მოსამართლეთა დაწინაურებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას მოუწოდებს გადასინჯოს ან გააუქმოს ამგვარი წესით დაწინაურება. გარდა ამისა, GRECO მიესალმება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს, რომლებიც შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას.

ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ მიუკერძოებლობა შესაძლოა ვერ იქნას უზრუნველყოფილი, როდესაც საქმეს ხელმეორედ განიხილავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იგივე შემადგენლობა და რომ არ არსებობს ანტი-ჩიხური მექანიზმი, რომელიც თავიდან აიცილებს სიტუაციას, როდესაც ვერ გროვდება 19 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ორიმესამედის უმრავლესობა.

ამასთანავე, GRECO კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ და გამოქვეყნებულ იქნა სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესები. კომპეტენტურმა ორგანოებმა ასევე ორგანიზება გაუწიეს ტრენინგს სამოსამართლო ეთიკის განახლებულ წესებთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, GRECO მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს ჩაატაროს კონფიდენციალური კონსულტაციები, გააძლიეროს ტრენინგღონისძიებები და განახლებულ წესებთან დაკავშირებით წარმოადგინოს კომენტარები და განმარტებები.

რაც შეეხება მოსამართლეთა წინააღმდეგ დისციპლინურ სამართალწარმოებას, GRECO-მ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ გაუქმდა დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით გადაწყვეტილებების მიღების მოთხოვნა და მოუწოდა კომპეტენტურ ორგანოებს შემოიღონ დისციპლინური სამართალწარმოების შეწყვეტასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა გასაჩივრების უფლება.

რაც შეეხება პროკურორებს, GRECO მიესალმება საქართველოს პროკურატურის თანამშრომელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დისციპლინური გადაცდომების კატეგორიების შესახებ ბრძანების დამტკიცებას, ძალაში შესვლასა და გამოქვეყნებას, რომელიც უფრო ზუსტად განსაზღვრავს დისციპლინურ გადაცდომებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს ადეკვატურ სახდელებს დისციპლინური გადაცდომების სხვადასხვა კატეგორიასთან მიმართებაში.

GRECO სინანულს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ წინ არ მიდის ხელისუფლების ორგანოების მხრიდან მუშაობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის კუთხით და არ არის რაიმე ხელშესახები პროგრესი ქონებრივი დეკლარაციის წარმდგენ თანამდებობის პირთა წრის გაფართოების მიმართულებით. ის მოუწოდებს ხელისუფლების ორგანოებს გააძლიერონ ძალისხმევა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ასამოქმედებლად, რაც ყველა პროკურორისთვის სავალდებულოს გახდის ქონებრივი დეკლარაციების წარდგენას.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 16 რეკომენდაციიდან 8 არ შესრულებულა,
GRECO, თავისი რეგლამენტის შესაბამისად მიმართავს საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს წარადგინოს ანგარიში შეუსრულებელ რეკომენდაციებთან დაკავშირებით არა უგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა.

GRECO მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში უზრუნველყოს ანგარიშის გამოქვეყნება, სახელმწიფო ენაზე მისი გადათარგმნა და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობა.

LB loan image desktop LB loan image mobile