საქართველომ 7 მლნ დოლარი გამოყო უკრაინის დასახმარებლად – ღარიბაშვილი

პუბლიკა

„საქართველომ გამოყო 7 მილიონი დოლარი და ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთის მიმდინარე სამხედრო თავდასხმის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000 უკრაინელის დახმარებას. საჰაერო და სახმელეთო გზებით უკრაინაში გაიგზავნა 500-ზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება,“ – განაცხადა  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის – „უკრაინისთვის“ – ფარგლებში გამართულ საქველმოქმედო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის სიტყვას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უკრაინაში ყველაზე მსხვილი ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელია მსოფლიოს 191 ქვეყანას შორის.

„ჩვენი ხელისუფლება დახმარებას უწევს დევნილებს უკრაინიდან – უკრაინის მოქალაქეთათვის უზრუნველვყოფთ ცხელ ხაზს, დაბინავებას, აუცილებელ პროდუქტს, ტანსაცმელს, საკვებს, სამედიცინო მომსახურებას, ასევე სკოლებისა და ბაღების ხელმისაწვდომობას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მოძმე ერის დახმარებას, რისთვისაც 2022 წლის ბოლომდე დამატებით გამოვყოფთ კიდევ 7 მილიონ დოლარს.

კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მხარდაჭერის აუცილებლობას იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც რუსეთი უშუალოდ ემუქრება. ვუსურვებ უკრაინელ ხალხს მშვიდობას და კეთილდღეობას“, – განაცხადა პრემიერმა.