საზღვარგარეთ საქართველოს 20-მდე მოქალაქე საავადმყოფოებშია გადაყვანილი – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საზღვარგარეთ სავადმყოფოებში 20-მდე ჩვენი მოქალაქეა მოთავსებული.

„ეს ციფრები ყოველდღიურად იცვლება. გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დღეიდან ჩვენს ეპიდემიოლოგებს, კლინიცისტებსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამის უწყებებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა იქნება, რომ ჩვენს მოქალაქეებთან იყოს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია“, – თქვა გამყრელიძემ.

პუბლიკა დაინტერესდა, ეს მოქალაქეები იმყოფებიან დაკვირვების ქვეშ, თუ დადასტურებული აქვთ ვირუსი, რაზეც ამირან გამყრელიძემ გვიპასუხა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩაერთო მონიტორინგში და ზუსტ პასუხს მოგიანებით მოგვცემს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, კორონავირუსით დაინფიცირებული  საქართველოს მოქალაქეები არიან: იტალიაში, საბერძნეთში, ესპანეთში, გერმანიაში, თუმცა ზუსტ რაოდენობას ასევე მოგვიანებით დაგვიდასტურებს. 

საქართველოში კი კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისათვის ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 40
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1
  • კარანტინის რეჟიმში – 1592
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262