საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში ბზობა აღინიშნება

პუბლიკა

დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს, რასთან დაკავშირებითაც ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება.

სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას აღავლენს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, მას შემდეგ რაც ხარების სადღესასწაულო წირვას არ დაესწრო. საზეიმო ლიტურგიას საკათედრო ტაძარში სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავარი და მრევლი ესწრება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ მრევლი სოციალური დისტანციისთვის მონიშნულ სპეციალურ ადგილას დგას.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, არ იცვლება ზიარების წესი. საქართველოს პატრიარქის პირველი აპრილის გადაწყვეტილებით კი სასულიერო პირებს მიეცათ რეკომენდაცია: კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ტაძრები დაიხუროს საღამოს 8 საათისთვის; ტაძრის ეზოში გაკეთდეს 1.5-იანი დისტანციის ნიშნულები; ხატები უნდა გაიწმინდოს სპირტით ან ვარდის წყლით და დაიცვას ეკლესიაში ჰიგიენის ყველა ნორმა.

ჯერჯერობით, კვლავ უცნობია, როგორ ჩატარდება აღდგომის ლიტურგია, რომელიც ტაძრებში ტრადიციულად ღამის 12:00 საათზე იწყება და გამთენიისას სრულდება. საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ამის შესახებ აღდგომის მოახლოების პარალელურად იმსჯელებენ.