საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს - მდინარაძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ სხდომაზე დეტალურად ისაუბრეს უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და მის სამხედრო აგრესიაზე.

„ასევე განვიხილეთ აგორებული ხელოვნური აჟიოტაჟი და ის თავდასხმები, რომელიც საქართველოს მთავრობისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ ხორციელდება. სამწუხაროდ, იმ ურთულეს ვითარებაში, როდესაც უკრაინაში რუსეთის ღია აგრესია და ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, საქართველოში აღმოჩნდა ხალხი, რომელიც ამ ომით სარგებლობს და თავისი გეგმებისთვის იცლის.

საპარლამენტო უმრავლესობა აბსოლუტურად იზიარებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფის შესახებ  და ამის კვალდაკვალ, მკაფიოდ დავაფიქსიროთ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ, გამოვხატოთ ქმედითი პოლიტიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა“, – ამბობს მამუკა მდინარაძე.

მისი თქმით, საზოგადოებამ ყველაზე უკეთ იცის, რას ემსახურება რადიკალური ოპოზიციის გეგმა, „რაც ნაციონალური მოძრაობიდან გამოჟონილმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა“.

„სამწუხაროდ, მათი მიზანია არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის მიერ წამოწყებული ომით სარგებლობა და საქართველოში სიტუაციის არევა.

…ამ სამწუხარო რეალობაში ვართ, გამოწვევა არის ბევრი, დიდი და ჩვენ გვიწევს, გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ბეწვის ხიდზე სიარული და ამ დროს შიდა ხელოვნური ტურბულენტობები ემსახურება ერთადერთი – ჩრდილოელი მეზობლის, ამ შემთხვევაში უკრაინაში ღია აგრესიის ავტორის ინტერესებს. ეს არის ძალიან სამწუხარო “, – ამბობს მამუკა მდინარაძე.