საქართველოში აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ჩამოვა

პუბლიკა

საფრანგეთს, საქართველოსა და იტალიას აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვევა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში კონგრესის დელეგაციის ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების ასიგნებების ქვეკომიტეტის თავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი კრის კუნსი უხელმძღვანელებს.

მათივე ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან სენატორი გარი პიტერსი, შიდა უსაფრთხოებისა და სამთავრობო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ბობ კეისი და კონგრესმენები: სტეფან მერფი, ქეითლი რაისი, დევიდ სისილინი და ტედ დოიჩი.

„დელეგაცია შეხვდება აშშ-ის დიპლომატებს, მთავრობის მაღალჩინოსნებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს თითოეულ ქვეყანაში, რათა განიხილონ ტრანს-ატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერისა და გაძლიერების მნიშვნელობა, გაამყარონ მძლავრი რეაგირება რუსეთის წინააღმდეგ მის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის გამო და განამტკიცონ ევროპული უსაფრთხოება. დელეგაცია ასევე განიხილავს საერთო გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კოვიდ-19 პანდემია, გლობალური შიმშილი, მიგრანტთა კრიზისი, კლიმატის ცვლილება და იარაღის გაუვრცელებლობა“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.