საქართველოში ბოლო ერთ წელში კორონავირუსით 62 მედპერსონალი გარდაიცვალა | NCDC

პუბლიკა

„1 წელი Covid-19-თან ერთად“ – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ახალი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და გატარებული ღონისძიებების ანალიზის მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული რისკის ჯგუფების ტესტირება, მათ შორის პრიორიტეტად განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის რუტინული ტესტირება.

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ით დაავადებულთა შორის სამედიცინო პერსონალი 6%-ს შეადგენდა.

 

რისკის ჯგუფების მიხედვით, დაინფიცირებული მედპერსონალის 72% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინკლინიკის და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურისა და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

ანგარიშის მიხედვით, ინფიცირებულ სამედიცინო პერსონალს შორის 80% იყო ქალი, 20% – კაცი. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე შრომისუნარიან ასაკზე (30-დან 70 წლამდე) 80%-მდე მოდიოდა.

საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით, COVID-19 ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის 65% თბილისის, იმერეთის და აჭარის რეგიონების მცხოვრებნი იყვნენ.

2020 წლის განმავლობაში COVID-19-ით განპირობებული მედპერსონალის სიკვდილიანობის ჯამური რაოდენობაა 62, რაც 0.4%-ს შეადგენს სამედიცინო პერსონალში დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობაში. გარდაცვლილთა შორის სქესი 50%-ით თანაბრად არის განაწილებული. 30-დან 70 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი გარდაცვლილთა 71%-ს შეადგენს.

NCDC-ში ამბობენ, რომ COVID-19-ით განპირობებული სიკვდილიანობა სამედიცინო პერსონალში COVID-19-ით განპირობებული ზოგადი სიკვდილიანობის ნაწილია და შესაბამისად ისევე, როგორც ყველა სხვა ლეტალური შემთხვევა, საჭიროებს ღრმა ანალიზს კლინიცისტების ჯგუფებისა და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით.

მედპერსონალის ლეტალური შემთხვევების უმეტესი წილი (90%) ფიქსირდება სამედიცინო დაწესებულებაში. რისკის ჯგუფების მიხედვით, გარდაცვლილი მედპერსონალის 64.5% სტაციონარების სამედიცინო პერსონალი ან ცხელების, კოვიდ ან ონლაინკლინიკისა და ყველა სტაციონარის მიმღების, ინტენსიურისა და რეანიმაციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

გარდაცვლილთა შორის კორონავირუსული დაავადების გართულებებად უმეტეს შემთხვევებში ფიქსირდება სასუნთქი სისტემის დაავადებები.

სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება აღენიშნებოდა 24 გარდაცვლილს (38.7%), მათ შორის უმეტეს წილს კარდიოვასკულური დაავადებები შეადგენდნენ.


წარმოდგენილ დოკუმენტში შეტანილი ინფორმაცია ეფუძნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს. წინამდებარე გამოცემაში მონაცემები ასახულია 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. შესაბამისად, დოკუმენტში ყველა მაჩვენებელი წარმოდგენილია საანგარიშო პერიოდისთვის, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.