საქართველოში „მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დადასტურდა, – ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„ლაბორატორიული კვლევების შედეგად  დადასტურდა მაიმუნის ყვავილის ვირუსის ერთი შემთხვევა. პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არცერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა”, – ნათქვამია განცხადებაში.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა და გუშინ საავადმყოფოდან გაეწერა.

„დღეს დამთავრდება სეკვენირების ანალიზი და ვაცნობებთ როგორც საზოგადოებას, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასაც. ამ ერთ შემთხვევაში იყო მოგზაურობის ისტორია. პაციენტს ჰქონდა კლინიკური და ეპიდემიოლოგიური ნიშნები. მისი მდგომარეობა მსუბუქი იყო და ის მკურნალობის შემდეგ უკვე სახლშია გაწერილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

NCDC-ში დღეს გამართულ შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას, მას ჰყავდა მინიმალური რაოდენობის კონტაქტები და ყველა მათგანი იყო ე.წ. დაბალი რისკის კონტაქტი. პაციენტის კონტაქტებზე ზადამხედველობა დაწესებულია. თავად პაციენტი კი გამოჯანმრთელებამდე იყო სრულად იზოლირებული, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი თუკი ვირუსი დადასტურდება, „გავრცელების არანაირი რისკი არ არსებობს”.