არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ზვიად ცეცხლაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის, თორნიკე გოშაძის და ინსაფ ალიევის წინააღმდეგ „ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“ მოტივით მიმდინარე საქმე არის ხელოვნურად შექმნილი და პოლიტიკურად მოტივირებული“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თქვა, რომ შეისწავლეს სისხლის სამართლის საქმის მასალების 14 ტომი, რის საფუძველზეც მივიდნენ დასკვნებამდე:
- „საქმის მასალებში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რომელიმე ბრალდებულის ბრალეულობას;
- საქმეზე შეგროვებული ძირითადი მტკიცებულებები – აუდიოვიზუალური მასალა – მოპოვებულია სისხლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით და წარმოადგენს დაუშვებელ მტკიცებულებებს, რომლებიც ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი;
- არ არის სახეზე ბრალდებულებისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულის შემადგენლობა, რადგან საერთოდ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ამ დანაშაულის შემადგენლობის ერთი აუცილებელი ელემენტის – წინასწარ შეთანხმებული, ორგანიზებულად ჩამოყალიბებული ჯგუფის არსებობაზე მიუთითებს;
- საქმეში ასევე არ არის სხვა აუცილებელი მტკიცებულებები, რომლებიც, ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის შემთხვევაში ბრალდებულების მიერ სხვა დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს“.
უფლებადამცველების განცხადებითვე, ბრალდებულების მიერ ვითომდაც ჩადენილი დანაშაულის მთავარ მტკიცებულებებად გამოყენებულია აუდიო/ვიდეო მასალა, რომელიც სოციალური ქსელებიდან და ინტერნეტ პორტალებიდან არის ჩამოტვირთული.
„ამ მასალების მოპოვების კანონიერება არ მტკიცდება, რადგან საქმეში არ არის არც შესაბამისი სასამართლო განჩინება და არც თუნდაც პროკურორის დადგენილება. ასევე უცნობია მათი თავდაპირველი წყარო. დადგენილი არ არის მათი ავთენტურობა. შესაბამისად, ყველა ეს მასალა დაუშვებელი მტკიცებულებაა, რომელსაც გამამტყუნებელი განაჩენი ვერ დაეყრდნობა. ბრალდებულების მამხილებელი რაიმე სხვა მტკიცებულება საქმეში არ არის“, – აცხადებენ უფლებადამცველები.
მათივე განცხადებით, საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება – არც მოწმის ჩვენება, არც აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, არც რაიმე წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ბრალდებულები წინასწარ იყვნენ შეკავშირებულნი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედებების განსახორციელებლად, რომ მათ ჰყავდათ ორგანიზატორი და ხელმძღვანელი, რომელიც გასცემდა დავალებებს და მითითებებს, რომლებსაც ჯგუფის წევრები ასრულებდნენ, რომ მათ გაცნობიერებული ჰქონდათ ორგანიზებული ჯგუფის მიზანი და იცოდნენ საერთო დანაშაულებრივი საქმიანობის განზრახვის შესახებ.
„მეტიც, ერთი გამონაკლისის გარდა (კასრაძე-კაძელაშვილის შემთხვევა) ბრალდებულები ერთმანეთს საერთოდ არც იცნობდნენ. აქედან გამომდინარე, არ არსებობს „ჯგუფური ძალადობის“ შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი – ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც წინასწარ შეთანხმებით, საერთო განზრახვით, ორგანიზებულად ჩადიოდა დანაშაულს“, – აცხადებენ ორგანიზაციები.
ეკა გიგაურმა ბრიფინგზე წაიკითხა საქმის მოსამართლეების, პროკურორებისს, შსს-ს თანამშრომლების სახელები და მოუწოდა მათ უარი თქვან უკანონო დავალებების შესრულებაზე
მოსამართლეები
- თეონა ეპიტაშვილი
- არსენ კალატოზიშვილი
- ნანა შამათავა
- თამარ მჭედლიშვილი
- ირაკლი ხუსკივაძე
- ლელა მარიდაშვილი
- თამარ მახარობლიძე
- დავით კურტანიძე
პროკურორები
- შმაგი გობეჯიშვილი
- ნუგზარ ჭიტაძე
- ვაჟა თოდუა
- ვახტანგ ცალუღელაშვილი
- გიორგი მუკბანიანი
შსს-ს თანამშრომლები
- არსენ ხუნაშვილი
- დავით ქებურია
- დავით ქურდოვანიძე
- გიორგი ჯიქია
- მალხაზ შაშვიაშილი
- შალვა ჯახუა
- ლევან ბასილაძე
- გიორგი მაჭარაშვილი
- გენადი იოსებაშვილი
- ლევან ნიჟარაძე
- დავით ქიტიაშვილი
- ნიკა აბაკელია
- ზურაბ ჯღარკავა
- მიხეილ მჭედლიშვილი
- გელა გულორდავა
- ივანე ფირესაშვილი
- ერეკლე მეტრეველი
- კონსტანტინე კერესელიძე
- ნანა ჯინჯიხაძე
- გიორგი მხეიძე
- ლაშა გერლიანი
- გიორგი მოლაშხია
- ვალერიან თაბუკაშვილი
- ზვიად გოშაძე
- ბაქარ გლუნჩაძე
- ვახტანგ დაბრუნდაშვილი
- ეკა ზაალიშვილი
- ირაკლი გველესიანი
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 8 პირის – ზვიად ცეცხლაძის, ვეფხია კასრაძის, ვასილ კაძელაშვილის, გიორგი გორგაძის, ირაკლი მიმინოშვილის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძისა და ნიკოლოზ ჯავახიშვილის წინასასამართლო სხდომა 6 მარტს გაიმართა. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა რვავე მათგანი პატიმრობაში დატოვა.
8 ბრალდებულიდან სამს: ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ბრალად ედებათ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხუთს: გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.