სასამართლომ „რუსთავი 2-დან“ ნოდარ მელაძის გათავისუფლება უკანონოდ ცნო

პუბლიკა

ნოდარ მელაძის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავის 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან მისი გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ბრძანება გააუქმა და კომპანიას კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

„ორწლიანი დავის შემდეგ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ბოლო წუთამდე ჩემს მოვალეობას კეთილსინდისიერად ვასრულებდი და გათავისუფლება მოხდა გამოგონილი მიზეზით, ჰოდა ეს ბრძანება გაუქმებულია“, – წერს მელაძე.

ნოდარ მელაძის ინტერესებს სასამართლოში „გამჭვირვალობა საქართველო“ იცავდა. ორგანიზაციის იურისტის, თეო ზაქარაშვილის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლე თეა ბერაიამ. მისი თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილებაში სწორედ ეს არის. რაც შეეხება სხვა მოთხოვნებს, ზაქარეიშვილის თქმით, მოსამართლემ ტელეკომპანიას ნოდარ მელაძისთვის 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

„ჩვენი მოთხოვნა იყო ბათილად ცნობა, აღდგენა და განაცდურის კომპენსაცია – გათავისუფლების ბრძანება უკანონოდ არის ცნობილი, რაც ნიშნავს, რომ შრომის უფლებები დაარღვია კომპანიამ. აღდგენა ვერ მოხდება, რადგან არ აქვს ვაკანტური თანამდებობა „რუსთავი 2-ს“, ამიტომაც სასამართლომ ნოდარ მელაძის უფლებების აღდგენისთვის 80 ათასი ლარის გადახდა დააკისრა კომპანიას. რაც შეეხება კომპენსაციას, ჩვენ განაცდურის კომპენსაციას ხელშეკრულებით გათვალისწინებული სპეციალური წესით მოვითხოვდით, თუმცა ამ ნაწილში მოსამართლემ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სავარაუდოდ, გავასაჩივრებთ გადაწყვეტილების ამ ნაწილს.“ – განუცხადა „პუბლიკას“ თეო ზაქარაშვილმა.

სასამართლოს გადაწყვეტილების შესაფასებლად „პუბლიკა“ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენელთან ცდილობს დაკავშირებას. მასალას პასუხის მიღებისთანავე განვაახლებთ.