თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გივი თარგამაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე დაიკითხა საქმის გამომძიებელი სალომე შიოშვილი. საქმე ეხება „ოცნების“ პარლამენტში დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას.
რელიგიური ფიცის დადების შემდეგ შიოშვილმა მოსამართლეს უთხრა, რომ აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებელია და გამოძიება სწორედ მან დაიწყო. რაც შეეხება გამოძიების საფუძველს, შიოშვილის თქმით:
„გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს პარლამენტიდან გადმოგზავნილი მიმართვის წერილი პირველ რიგში და თანდართული დოკუმენტაცია. ვინაიდან მათ მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, დავიწყე გამოძიება“.
გამომძიებელმა თქვა, რომ გამოკითხა „ყველა ის მოწმე, რომელიც ფლობდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას“ და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაგეგმა სხვა საგამოძიებო მოქმედებები, დაათვალიერა ტელეკომპანიებისა და ვიდეო პორტალების ყველა ოფიციალური გვერდი, სადაც შეიძლებოდა განთავსებულიყო გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ასევე თავად გიორგი თარგამაძის სოციალური ქსელები მისი საჯარო პოსტების საქმეზე დამაგრების მიზნით, გამოითხოვა პარლამენტიდან ვიდეო მასალა, რაც მოიცავდა სხდომის კენჭისყრის ჩანაწერებს.
გივი თარგამაძის ადვოკატი, ბექა ბასილაია დაინტერესდა ხომ არ დაკითხეს „ოცნების“ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი ან რომელიმე წევრი, რაზეც გამომძიებელმა თქვა, რომ – არა.
ბასილაიამ ასევე იკითხა, ხომ არ ყოფილა გამომძიებლის მხრიდან რეაგირება ან პარლამენტს ხომ არ უთქვამს დამატებით რაიმე იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა შეფასებულიყო მომხდარი სისხლის სამართლის დანაშაულად, რადგან დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის მუხლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიცაა.
„გარდა იმისა, რომ საგამოძიებო კომისიის მხრიდან საქართველოს პროკურატურაში შემოსულ წერილში, თავად ბატონი გიორგი თარგამაძის კომისიაზე დაბარების ოფიციალურ დოკუმენტშიც ეწერა, რომ კომისიაზე გამოუცხადებლობა იწვევდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, ასევე ჩვენ მიმართვის წერილშიც იყო დაფიქსირებული აღნიშნული, სხვა კონსულტაცია პარლამენტთან ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – თქვა გამომძიებელმა.
სხდომაზე ასევე გაირკვა, რომ თარგამაძე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე, როგორც გივი თარგამაძე, ისე გამოიძახეს, ოფიციალურ დოკუმენტში კი მას სახელად გიორგი უწერია:
– თქვენი საქმის ბრალდებულის სახელი და გვარი როგორ არის?
– გიორგი თარგამაძე;
– წულუკიანმა რომ მიწერა პირს, რომ მოდი კომისიაზეო და არ მივიდა ის პირი, იმ წერილში რა ეწერა პირის სახელი და გვარი, თუ გახსოვთ?
– გივი თარგამაძე;
– ანუ კომისიის მხრიდან გივი თარგამაძის დაბარება მოხდა ხომ? წერილობით, ბუკვალურად თუ მივყვებით
– დიახ.
გივი თარგამაძეს გამომძიებელთან კითხვები არ ჰქონია. მომდევნო პროცესი 17 ივნისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ 2-3 პროცესი საკმარისი იქნება მტკიცებულებთა გამოკვლევის დასრულებისთვის.