საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნით ეკლესიამ უკეთ იცის, რა არის კარგი – ცერცვაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ერთმანეთსგან მიჯნავს პირად და ოფიციალურ მოსაზრებებს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ ვერ ჩაერევა ეკლესიის კომპეტენციაში, რადგან ეკლესიას აქვს საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და უკეთ იციან, რა არის კარგი ადამიანებისთვის.

„უნდა გავმიჯნო პირადად ჩემი და ჩემი ოფიციალური რეკომენდაციები და პოზიცია. მე ვერანაირად ვერ ჩავერევი ეკლესიის კომპეტენციაში. ეკლესიას აქვს კონსტიტუცია, გადატანითი მნიშვნელობით. მან საუკუნეების მანძილზე დაგროვილის ცოდნის საფუძველზე უკეთ იცის, რისი გაკეთების უფლება აქვს, რა არის კარგი ადამიანებისთვის და რა – არა. ამიტომ მე ვერ გავცემ ვერანაირ ოფიციალურ რეკომენდაციას ეკლესიისა და რელიგიური რიტუალების მიმართ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველთან“.

ცერცვაძემ ასევე აღნიშნა, რომ რიტუალები და ღონისძიებები,  რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობს ეკლესიაში, სამედიცინო თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია.

„ხოლო ჩემი პირადი, როგორც პოფესიონალის მოსაზრებით, ის ღონისძიებები, რომელიც საეკლესიო რიტუალებით არის გათვალისწინებული ეკლესიაში საუკუნეების მანძილზე, მათი ნაწილი, სუფთა სამედიცინო  თვალსაზრისით, ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. იგივე ხალხმრავალი შეკრებები, ერთი კოვზის გამოყენება ზიარებისთვის და ზოგიერთი სხვა რამ.

მე მგონია, რომ ეკლესიაც ამას გაგებით ეკიდება. ჩვენ გვაქვს მაგალითი, თუ როგორ შეწყდა წმინდა პეგტრეს ტაძრის წინ ყველაზე მასშტაბური თავშეყრა, რომის პაპის ქადაგებას რომ ესწრებოდნენ და ახლა ის ონლაინ ხდება. დაიხურა მექა და მედინა. საბერძნეთისა და მსოფლიოს საპატრიარქომ შეცვალა… ვფიქრობ, რომ ჩვენს გაგებას შორის, თუ რა არის ეპიდემიის გავრცელებისთვის სახიფათო და რა არა, დიდი განსხვავება არ არის. უკვე ჩვენთანაც შეიმჩნევა დისტანცირებისკენ მოწოდება, აშკარად იყო დისტანცია იქ მისულ მრევლს შორის. ერთადერთი, რაც კითხვის ნიშანს ბადებს, ესაა ზიარება ერთი კოვზით“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამირან გამყრელიძემ დღეს  საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეფასა და ქვეყნის მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სირთულეებზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ასეთი მასშტაბის პანდემია მას არ ახსოვს და კორონავირუსის შემდგომ პერიოდს უკვე ადარებენ დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს.

stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში Covid 19-ით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული.


20 მარტს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო შეიკრიბა საქართველოს საპატრიარქოს სინოდი. მათ უნდა ემსჯელათ ზიარების წესის ცვლილებაზე, რადგან ზიარება ხდება ერთი კოვზით.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა გააკეთა.

„ეჭვის შეტანა იმაში, რომ ზიარების საერთო კოვზით ვინმეს ინფექცია გადაედოს, არის სრულიად გამორიცხული“, – თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით 19 მარტს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდის გენერალურმა სამდივნომ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მარტის ბოლომდე შეწყდება ყველა რელიგიური ღვთისმსაზურება.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მორწმუნეებს ასევე მოუწოდა სახლებში ილოცონ.

„ეს არ ნიშნავს ღვთისმსახურებაზე უარის თქმას. ეს არის მსხვერპლი, რომელიც გავიღეთ, რათა სხვა მორწმუნეების ჯანმრთელობა დაცული იყოს. გამოიჩინეთ სიბრძნე და დარჩით სახლში. ჩვენ თქვენთვის ვილოცებთ“, – განაცხადა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტმა.