სცადეს, ისე წარმოეჩინათ, თითქოს ეკლესიას და მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვთ – თალაკვაძე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოპონენტები ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, თითქოს ვირუსის წინააღმდეგ ეკლესიას და ხელისუფლებას განსხვავებული პოზიცია აქვთ.

„მე მემის, რომ ჩვენმა ოპონენტებმა რამდენჯერმე სცადეს ისე წარმოეჩინათ, თითქოს ეკლესია და ხელისუფლება ვირუსის წინააღმდეგ განსხვავებულ პოზიციებს იკავებენ და თითქოს ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ასე არ არის.

ეს არის გამოწვევა მთელი საზოგადოებისთვის და ყველა ერთად უნდა დავდგეთ ამ საფრთხის წინააღმდეგ. რწმენა და რელიგია არაფრით არ ეწინააღმდეგება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასე რომ არ იყოს, ეკლესია თვითონაც არ მისცემდა იმ რეკომენდაციებს მრევლს, რომლებსაც ხედავთ, რომ იცავდნენ  წინა დღეებში, როცა სოციალური დისტანციის კუთხით თუ სხვა რეკომენდაციების კუთხით… ვნახეთ ეკლესიის პოზიცია.

ასე რომ, ძალიან ბევრია დამოკიდებული, რა იქნება ჩვენი, ყველას პერსონალური გადაწყვეტილება. მთავრობას აქვს თავისი პოზიცია ნათქვამი ძალიან მკაფიოდ და ეკლესიასაც თავისი პოზიცია აქვს ნათქვამი. და ეს ყველაფერი ერთად საკმარისია იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ჩვენი პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 208 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 50 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.